შინაგან საქმეთა მინისტრმა, საპოლიციო ინფრასტრუქტურის განახლების პროექტის ფარგლებში, ძველი თბილისის სამმართველოს მე-2 განყოფილების ახალი შენობა გახსნა.
გოგოლის ქუჩაზე მდებარე პოლიციის ორსართულიანი შენობა თანამედროვე სტანდარტებს სრულად შეესაბამება. ახალი შენობა 37 თანამშრომელზეა გათვლილი და მასში, გამომძიებლებისა და დეტექტივების სამუშაო სივრცის გარდა, განთავსებულია დასაკითხი, ამოსაცნობი, საიარაღო და ნივთმტკიცების ოთახები. შენობა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს მე-2 განყოფილება აქამდე ავარიულ შენობაში იყო განთავსებული. ახალი შენობის მშენებლობა მიმდინარე წლის მარტში დაიწყო და 6 თვეში დასრულდა.
"ჩვენ, დაახლოებით, 22-მდე ასეთი პროექტი გვაქვს, საპოლიციო ინფრასტრუქტურის განახლების ნაწილში. ეს, პირველ რიგში, გახლავთ პოლიციის ახალი განყოფილებები. ასევე, ძალზე დიდი დროებითი მოთავსების იზოლატორი თბილისში, რომლის მშენებლობასაც უახლოეს პერიოდში დავიწყებთ.
ჩვენი ძირითადი ამოცანაა, რომ ეფექტიანი საპოლიციო მომსახურების, საქმიანობის ნაწილში, ჩვენ პოლიციელებსაც შევუქმნათ კომფორტული გარემო შრომისთვის, რადგან ძალიან კარგად გვესმის, რომ ტექნოლოგიების, ინფრასტრუქტურის დახვეწის გარეშე შეუძლებელია მაღალი შედეგების მიღწევა.
მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ძალზე ფრთხილი ნაბიჯები გადავდგით უკვე ბინათმშენებლობის მიმართულებით და ვთვლით, რომ პოლიციელი, რომელიც ახალგაზრდა შემოდის სისტემაში და ათწლეულების განმავლობაში უმწიკვლოდ ემსახურება თავის ქვეყანას, მას ელემენტარული სოციალური მოთხოვნები მაინც უნდა ჰქონდეს დაკმაყოფილებული. ამიტომ, ჩვენ ვთვლით, რომ ეს არის ის აუცილებელი მინიმუმი, რომელიც ჩვენი თანამშრომლებისთვის უნდა გავაკეთოთ. ასე რომ, საპოლიციო ინფრასტრუქტურის განახლება არ ნიშნავს მხოლოდ პოლიციის შენობებს, ეს ნიშნავს დროებითი მოთავსების იზოლატორების მშენებლობას, ასევე, ნიშნავს, პოლიციელების სოციალური უზრუნველყოფის თვალსაზრისით, მათთვის ბინათმშენებლობას, ისევე, როგორც სპორტული დანიშნულების ნაგებობების მშენებლობას და ა.შ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ თითოეული პოლიციელი იყოს უზრუნველყოფილი, მუშაობდეს კომფორტულ გარემოში და იყოს მაქსიმალურად ეფექტური, რათა ემსახუროს თითოეულ ჩვენს მოქალაქეს და მისცეს მათ საშუალება იცხოვრონ ისე და მიაღწიონ იმ შედეგებს, რომლებსაც ისინი მიზნად ისახავენ", - განაცხადა გიორგი გახარიამ.
შინაგან საქმეთა სამინისტრო, რეფორმების ფარგლებში, მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებს, კერძოდ, ბინათმშენებლობა და ახალი საპოლიციო ინფრასტრუქტურის შექმნა. რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი უკვე დასრულებულია. მათ შორისაა: საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრი, რომელიც რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე საპოლიციო სერვისცენტრია, ასევე, საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ახალი შენობა ბათუმში, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს, ხონის პოლიციის შენობა, სრულად გარემონტებული დროებითი მოთავსების რამდენიმე იზოლატორი და ა.შ.
საპოლიციო ინფრასტრუქტურის განახლების პროექტი ხელს შეუწყობს თანამედროვე, პოლიტიკურად ნეიტრალური, სანდო და ეფექტიანი პოლიციის ჩამოყალიბებას, რომელსაც სათანადო სოციალური და შრომის პირობები ექნება.