აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ადამიანის უფლებათა შესახებ, 2018 წლის ანგარიშის საქართველოს ნაწილში, ოჯახში ძალადობისა და გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობის წინააღმდეგ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯებზეა საუბარი.
ანგარიშში პოზიტიურად არის შეფასებული შინაგან საქმეთა სამინისტროსა და გენერალური პროკურატურის მიერ გადადგმულ ის მნიშვნელოვანი ნაბიჯები, რომლებიც მიმართულია ოჯახში ძალადობისა და გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობის წინააღმდეგ. გადადგმულ ნაბიჯებს შორის განსაკუთრებით ხაზგასმულია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შემუშავებული რისკის შეფასების ინსტრუმენტი, რომელიც ძალადობის მსხვერპლთა უკეთ დასაცავად გამოიყენება.
ანგარიშში ნათქვამია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღნიშნული ინსტრუმენტი 2018 წლის 1 სექტემბრიდან დანერგა, ადამიანის უფლებების საკითხებზე მომუშავე შესაბამის არასამთავრობო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობით. ანგარიშში ასევე ასახულია, რომ განსაკუთრებით თბილისში, მნიშვნელოვნად გაიზარდა სამართალდამცავების ცოდნა ოჯახში ძალადობის საქმეების გამოძიებასთან მიმართებით.