2014 წლის 2–5 ივნისს თბილისში „ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული მეცნიერებისა და შედეგების მართვის მსოფლიო კონგრესი“ გაიმართება.
2 ივნისს, 9 საათზე, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე „ქბრბ მეცნიერებისა და შედეგების მართვის მსოფლიო კონგრესს“ გახსნის.
შსს-ს მიერ ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული უსაფრთხოების პოლიტიკის მიმართ ერთიანი და ინოვაციური მიდგომებიდან გამომდინარე, წელს მსოფლიო კონგრესი საქართველოში პირველად იმართება და მას შინაგან საქმეთა სამინისტრო მასპინძლობს.
საერთაშორისო კონგრესი უკვე მეორე ათწლეულია ხორვატიასა და შვეიცარიაში იმართება და მას ყოველწლიურად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 250-მდე მონაწილე ესწრება.
კონგრესის საპატიო დირექტორია საქართველოს პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომლის ინიციატივაც არის ქვეყნის ქბრბ უსაფრთხოების სფეროში ერთიანი მიდგომის ჩამოყალიბება. ღონისძიებას საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე გახსნის. მისასალმებელი სიტყვით ასევე წარდგებიან ჯანდაცვის, გარემოსა და ბუნებრივი რესუსრების დაცვის და განათლების მინისტრები, აშშ–ს ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი, აშშ–ს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ქბრბ უსაფრთხოების საკითხებში ენდრიუ ვებერი და ქიმიური იარაღის აკრძალვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი აჰმეთ უზუმჩუ.
კონგრესი ეხება ქბრბ ნივთიერებების გაუვრცელებლობას, ქბრბ ინციდენტების შედეგების მართვას, ქბრბ უსაფრთხოებასა და სხვა საკითხებს. ის წარმოადგენს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, მეცნიერებსა და გადაწყვეტილების მიმღები პირების მათ ქართველ კოლეგებთან მჭიდრო თანამშრომლობის განვითარებისა და ქბრბ პოლიტიკის სფეროში საქართველოს გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობას.
მსოფლიო კონგრესს დაესწრებიან საქართველოს მთავრობის წევრები, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, აშშ-ს სამხედრო ხელმძღვანელი პირები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და ქბრბ სფეროს ექსპერტები მსოფლიოს 38 ქვეყნიდან.