გიორგი გახარიას სიტყვით გამოსვლა პარლამენტის კომოიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე
პატივი მხვდა წილად, რომ ბოლო 1 თვის განმავლობაში საშუალება მაქვს, უკვე მეორედ მივმართო პარლამენტს და როგორც ჩანს, ალბათ, სულ მალე მომიწევს პარლამენტისთვის კიდევ მესამედ მიმართვა. აქედან გამომდინარე, ვეცდები, რომ ვისაუბრო მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში, რამეთუ მესმის, რომ კოლეგების მხრიდან დაისვა საკითხი, რომ არის უამრავი შეკითხვები და უფრო მეტი დრო რომ დაგვრჩეს, შეკითხვებთან მიმართებაში. მით უმეტეს, რომ, როგორც მოგახსენეთ, ერთხელ უკვე მქონდა შესაძლებლობა, მესაუბრა თქვენთან შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე ძირითად სამუშაოებსა და გეგმებზე და ასევე, იმედი მაქვს, რომ უახლოეს პერიოდში კიდევ გვექნება საშუალება, რომ ამაზე ვისაუბროთ.
შინაგან საქმეთა სამინისტროში, ჩვენ კარგად გვესმის, რომ მართლწესრიგი, ეფექტიანი პოლიცია და პოლიტიკურად ნეიტრალური პოლიცია განვითარების დღევანდელ ეტაპზე ჩვენი ქვეყნისთვის არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, რამეთუ გვესმის, რომ უსაფრთხოების გარანტიების გარეშე ვერანაირი ეკონომიკა, ვერანაირი ტურიზმი, ვერანაირი კულტურა, ვერანაირი განათლება ვერ განვითარდება. ამიტომაც, ჩვენ სრულიად კონცენტრირებულად ვმუშაობთ იმ რეფორმების გასატარებლად, რომელტა ძირითადი მიზანი გახლავთ უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის ხარისხის გაზრდა ჩვენს ქვეყანაში. რეფორმების ამ პაკეტს ჩვენ დავარქვით სისტემური განახლება, რამეთუ გვესმის, რომ დღევანდელი გამოწვევების პირობებში, პოლიცია და შინაგან საქმეთა სამინისტრო ნამდვილად საჭიროებს სისტემურ განახლებას. ორიოდე სიტყვით მინდა მოგახსენოთ იმ შედეგებზე, რომლებიც უკვე დაწყებული გვაქვს დეკემბრიდან, 6 თვის განმავლობაში, მეშვიდე თვეა და იმ გეგმებზე, რომლებსაც წლის ბოლომდე შევასრულებთ.
მინდა რიგითობის მიხედვით, პრიორიტეტების მიხედვით დავიწყო საუბარი. მოგეხსენებათ, რომ ჩვენი რეფორმების ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება გახლავთ და გახლდათ რეფორმები კრიმინალურ პოლიციაში, რომელთა განხორციელებაც უკვე დაწყებულია და ჩვენ გვაქვს კონკრეტული შედეგები. აქ, ამ რეფორმების ძირითადი მიზანი გახლავთ ოპერატიული და საგამოძიებო ფუნქციების გამიჯვნა. ამ მიმართულებით მინდა, მოგახსენოთ, რომ სამინისტროში არსებული აკადემიის ბაზაზე და საფუძველზე უკვე მოხდა ჩვენი დღევანდელი გამომძიებლების კვალიფიკაციის შეფასება. უკვე განხორციელებული იყო გარკვეული საკანონმდებლო ცვლილებები და უახლოეს პერიოდში ჩვენ შევუდგებით გამომძიებლების ახალი კორპუსის შექმნას, რაც მოგვცემს საშუალებას, გავმიჯნოთ ოპერატიული და საგამოძიებო ფუნქციები. ასევე, მინდა მოგახსენოთ, რომ საუბნო საქმიანობის მიმართულებით, ჩვენ უკვე დავაანონსეთ და, როგორც წინა გამოსვლის დროს მოგახსენეთ, ჩვენ ვქმნით მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტს. ამგვარად, წლის ბოლოსთვის ჩვენ გვექნება 3 ძირითადი ფუნქციის მქონე კრიმინალური პოლიცია - საუბნო, საგამოძიებო და ოპერატიული. ამ გეგმას ჩვენ დავასრულებთ წლის ბოლომდე, რამეთუ, საუბნოს ნაწილში უკვე არსებული თანამშრომლებიდან ამორჩეული გვყავს 80 პოლიციელი, რომლებმაც უკვე დაასრულეს კვალიფიკაციის ამაღლების კურსები. დაახლოებით, იგივე მდგომარეობა გვაქვს საგამოძიებო ნაწილში და უახლოეს დღეებში ჩვენი მოქალაქეები, ჩვენი მედიასაშუალებებით იხილავენ სარეკლამო კლიპს, რომელიც მოუწოდებს რიგით მოქალაქეებს, გახდნენ პოლიციის თანამშრომლები. ჩვენ ვხედავთ, რომ მოქალაქეებში ასეთი სურვილი სულ უფრო და უფრო იზრდება და, რა თქმა უნდა, ამის საშუალებას გვაძლევს ის სოციალური გარანტიები, რომლებზეც ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებ.
ჩვენი სისტემური განახლების შემდეგი, ძალზე მნიშვნელოვანი სფერო გახლავთ საპატრულო პოლიცია. ჩვენ ერთმნიშვნელოვნად აღვნიშნეთ, რომ საპატრულო პოლიციაში ვიწყებთ რეფორმების შემდგომ ნაბიჯს. ამ ნაბიჯის განსახიერება გახლავთ მომსახურების ის ცენტრი, რომელიც საპატრულო პოლიციაში უკვე ამოქმედდა, რომელმაც ჩვენს მოქალაქეებს საშუალება მისცა, მიიღონ თანამედროვე სახის სერვისები, რომლებიც უკვე არის ავტომატიზებული და კომფორტს უქმნის თითოეულ ჩვენს მოქალაქეს, რომ სერვისი მიიღოს ეფექტურად და ძალზე მოკლე ვადაში. ასევე, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საპატრულო პოლიციაში უკვე შეიქმნა ქვეითი პატრულების კორპუსი, რომელიც უმნიშვნელოვანეს ფუნქციას შეასრულებს ჩვენს ქალაქებში, განსაკუთრებით, ტურისტული მნიშვნელობის ცენტრებში. საპატრულო პოლიციის ქვეითი პატრულირების კომპონენტი უკვე გამოჩნდა თბილისში. მათი რაოდენობა უფრო გაიზრდება. ასევე, მინდა მოგახსენოთ, რომ საზღვრის კონტროლის კომპონენტში, სამწუხაროდ, დღემდე არ არსებობდა ერთიანი სტანდარტული მიდგომა, რამეთუ საზღვრის მართვის კომპონენტი საპატრულო პოლიციაში გადანაწილებული იყო რეგიონულ ჭრილში. ჩვენ შევქმენით მთავარი სამმართველო, რომელიც ერთიანი სტანდარტების ფარგლებში ფუნქციონირებს, არა აქვს მნიშვნელობა, ეს იქნება ქუთაისის აეროპორტი, თბილისის აეროპორტი, წითელი ხიდის გამშვები პუნქტი, სტანდარტები გამშვებ პუნქტებში იქნება ერთი და იგივე.
რაც შეეხება შემდგომ ნაბიჯს, ეს გახლავთ სასაზღვრო პოლიცია, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია და დღეის მდგომარეობით, ჩვენ, განსაკუთრებით, საზღვაო კომპონენტის ნაწილში უკვე სერიოზული პროგრესი გვაქვს. მოგახსენებთ, რომ გასული წლის ბოლოს ჩვენ ხელი მოვაწერეთ და შევიძინეთ „აილენდის“ კლასის 2 გემი, რომლებიც, უსაფრთხოების ზრდასთან ერთად, ჩვენს სასაზღვრო პოლიციას საშუალებას აძლევს, სრულფასოვანი მონაწილეობა მიიღოს შავ ზღვაზე ნატოს სწავლების კომპონენტში, რაც, რა თქმა უნდა, ხარისხობრივად გააუმჯობესებს, როგორც ჩვენი მესაზღვრეების კვალიფიკაციას, ასევე, ჩვენი ქვეყნის ინტეგრირებას ნატოს სტრუქტურებში.
ასევე, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულება, რამეთუ ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ ვერანაირი წარმატება კრიმინალთან ბრძოლაში ვერ იქნება გამართლებული, თუ ვერ დავიცავით ადამიანის უფლებების დაცვის ის მაღალი სტანდარტი, რომელსაც დღეს ჩვენი გარემო, ჩვენი კანონმდებლობა და ჩვენი მთავრობა სთავაზობს ჩვენს მოქალაქეებს. სწორედ ამიტომ, პირველი ინოვაცია, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროში მოხდა, ეს გახლავთ ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის შექმნა. ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი იმისთვის შეიქმნა, რომ დაეწესებინა გამოძიების მაღალი სტანდარტი და განეხორციელებინა ზედამხედველობა, როგორც შიდა კომპონენტზე, ასევე, გარე ფაქტორებზე, ჰქონოდა მაღალი ხარისხის თანამშრომლობა, მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციებთან. ეს დეპარტამენტი კარგად ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას.
უნდა გამოვყოთ ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულება, როგორიც გახლავთ საერთაშორისო თანამშრომლობა.
მოგეხსენებათ, ორგანიზებული დანაშაული დღეს ბევრი მიმართულებით ხდება ტრანსსასაზღვრო. ჩვენ კარგად გვესმის, რომ შეუძლებელია ორგანიზებულ და ნარკოდანაშაულთან ეფექტიანი ბრძოლა საერთაშორისო თანამშრომლობის გარეშე. სწორედ ამიტომ, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ფარგლებში უკვე შეიქმნა საერთაშორისო ურთიერთობების დანაყოფი, რომელშიც გაერთიანებულია როგორც ინტერპოლის ქვედანაყოფი, ასევე, პოლიციის ატაშეების ინსტიტუტი. და, რა თქმა უნდა, ის შეთანხმება, რომელსაც ჩვენ რამდენიმე თვის უკან ხელი მოვაწერეთ. ეს ნიშნავდა, რომ საქართველო გახდა ევროპოლის სრულფასოვანი ოპერატიული პარტნიორი, რაც გვაძლევს ინფორმაციის სწრაფი და ეფექტიანი გაცვლის საშუალებას. ეს თავისუფალი სავიზო რეჟიმის მოპოვებული ღირებულების დასაცავად მნიშვნელოვანი კომპონენტია, რასაც ჩვენ აქტიურად ვახორციელებთ.
ასევე, დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ჩვენი მუშაობის ისეთ კომპონენტს, როგორიც არის გამჭვირვალობა. სულ რამდენიმე თვის წინ, როდესაც ამ მთავრობის წარდგენა ხდებოდა, ჩვენ ოფიციალურად გავეცით დაპირება, რომ ჩვენს პირობებში სტატისტიკა იქნებოდა აბსოლუტურად გახსნილი, როგორი ციფრებიც უნდა ყოფილიყო. ამ პირობას ვასრულებთ და ვთვლით, რომ პრობლემის ობიექტური შეფასება არის ძირითადი ფაქტორი იმისთვის, რომ ეს პრობლემები გადავწყვიტოთ.
რაც შეეხება ტექნიკურ აღჭურვილობას, ამ პერიოდში, ჩვენ ეკონომიების ხარჯზე შევძელით აღგვეჭურვა თითოეული პატრული. დაახლოებით, 2200 ადამიანი აღიჭურვა ახალი სამხრე კამერებით, რომელთა ტექნიკური მაჩვენებლები არის სულ სხვა. შევძელით, ბალისტიკური იდენტიფიცირებისთვის შეგვეძინა აბსოლუტურად ახალი ტექნოლიგიები და პროგრამები. შევძელით, გაგვეახლებინა კრიმინალისტიკის მნიშვნელოვანი მიმართულება, რაც ხელს უწყობს გამოძიების ეფექტიანობის გაზრდას.
ასევე, უნდა გავიხსენოთ „112“ და ახალი აპლიკაცია. ჩვენ ყველაფერს ვქმნით იმისთვის, რომ დაცული იყოს მოქალაქეების უსაფრთხოება, ასევე, მათი კომფორტი და უსაფრთხოება უნდა იყოს კიდევ უფრო მაღალი ხარისხის. აღნიშნულ კონტექსტში, კამერების ინფრასტრუქტურის მონტაჟი დავიწყეთ ქვეყნის მასშტაბით, რაც წლის ბოლომდე დასრულდება. არ შევაფასებ ამჟამინდელ მდგომარეობას, თუმცა, ობიექტურად მინდა ვთქვა, რომ წლის ბოლოსთვის ქვეყანაში, დაახლოებით, 3000-მდე სხვადასხვა სახის და ფუქნციის კამერა იმუშავებს, რაც კიდევ უფრო გაზრდის გამოძიების ეფექტიანობას.
ეს არის ის მიმართულებები, რომლებიც შესრულებულია. ახლა, ორი სიტყვით მინდა მოგახსენოთ იმ გეგმების შესახებ, რომლებსაც უახლოეს პერიოდში, დაახლოებით, წლის ბოლომდე განვახორციელებთ. რა თქმა უნდა, დავასრულებთ კრიმინალური პოლიციის სრულ რეფორმას და წლის ბოლოსთვის ჩვენ გაყოფილი გვექნება საუბნო, საგამოძიებო და ოპერატიული ფუნქციები, რაც ხარისხობრივად გაზრდის ჩვენი საგამოძიებო კომპონენტის და კრიმინალური პოლიციის მუშაობის ეფექტურობას. საპატრულო პოლიციის მიმართულებით, ჩვენი სერვისები იქნება უფრო ხარისხიანი და უფრო მრავალფეროვანი. ასევე, მინდა გითხრათ, რომ ჩვენ კარგად გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული პოლიციელის სოციალური უზრუნველყოფისა და სოციალური გარანტიების კომპონენტი. ამიტომ, დღეს, ამ ახალი ტრიბუნიდან, შემიძლია გითხრათ, რომ 1 ივლისიდან 13 200 პოლიციელს ხელფასი გაეზრდება 250 ლარით. ეს არის ის მინიმუმი, რაც ჩვენ შეგვეძლო და გავაკეთეთ დღეს. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ყველა ის ნაბიჯი, რომლებზეც ახლა ჩვენ ვსაუბრობთ, დიდწილად არის იმ საბიუჯეტო ეკონომიების ხარჯზე გადადგმული, რასაც ჩვენ მივაღწიეთ ამ 6-7 თვის განმავლობაში. როდესაც ჩვენ ვსაუბრობდით, თავიდანვე ვთქვით, რომ ადმინისტრაციულ ნაწილში შინაგან საქმეთა სამინისტროში იყო ძალიან სერიოზული გადახრა, ადმინისტრაციულ ფუნქციებზე დანახარჯების კონტექსტში, ჩვენ ბოლო 7 თვის განმავლობაში შევამცირეთ 500-ზე ცოტა მეტი ადმინისტრაციული პოზიცია, რამაც საშუალება მოგვცა, გაგვეახლებინა აღჭურვილობა, გაგვეზარდა ხელფასები და მინდა გითხრათ, რომ ის კომპონენტი, რომელზეც ახლა მე ვსაუბრობ, მაგალითად, ქვეითი პატრულირება, რომელიც 120 საშტატო ერთეულით ზრდის საპატრულო პოლიციას, ჩვენ ეს ყველაფერი გავაკეთეთ ბიუჯეტიდან დახმარების გარეშე. შესაბამისად, აქვე მინდა, გაგაცნოთ ის მსხვილი პროექტები, რომლებიც ყველანაირი საბიუჯეტო დამატებების გარეშე განვახორციელეთ. კერძოდ: ჩვენ დავიწყეთ და წლის ბოლომდე, ძირითად ნაწილში დავასრულებთ ახალ შენობას საექსპერტო- კრიმინალისტიკური დეპარტამენტისთვის. ეს იქნება აბსოლუტურად ახალი, სრულად უზრუნველყოფილი და აღჭურვილი ინფრასტრუქტურა, რომელიც ხელს შეუწყობს გამოძიების ხარისხის გაზრდას. საერთოდ, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ გამოძიების ხარისხზე აქცენტი ეს არის ჩვენი ძირითადი კომპონენტი, რაზეც ვიმუშავებთ უახლოესი წლების განმავლობაში, რამეთუ ბოლო წლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროში, განსაკუთრებით, საგამოძიებო კომპონენტი ნიველირებული იყო და დღეს ჩვენ ძირითად რესურსებს მივმართავთ იქითკენ, რომ საგამოძიებო კომპონენტი სამინისტროში ყოველთვიურად და ყოველწლიურად იყოს უფრო ძლიერი.
ამასთან ერთად, მინდა გითხრათ, რომ პოლიციის ახალი შენობები აშენდება გომში, ბაკურიანსა და ბოლნისში. შესაბამისად, აშენდება ახალი სასაწყობე მეურნეობა შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურებისათვის. ასევე, წელს ჩვენ ვიწყებთ ავჭალაში დროებითი მოთავსების ახალი იზოლატორის მშენებლობას, რომელიც იქნება აბსოლუტურად თანამედროვე, მისი პროექტი უკვე არსებობს და მშენებლობას დავიწყებთ წლის ბოლომდე, რომელიც შეძლებს, შესაბამისი დონის სერვისები მიაწოდოს ჩვენს მოქალაქეებს, რამეთუ დროებითი მოთავსების იზოლატორების დღევანდელი მდგომარეობა არ არის იდეალური და არ არის ის, რაც ჩვენ გვაკმაყოფილებს.
ერთმნიშვნელოვნად, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ამ ყველაფერში ჩვენ უდიდეს როლს ვანიჭებთ პოლიციის აკადემიას და აბსოლუტურად გააზრებულად ჩამოვაშორეთ მას უმაღლესი განათლების კომპონენტი. ამან საშუალება მოგვცა, დამატებით ერთდროულად პლუს 350 სტუდენტი გვყავდეს აკადემიაში გადამზადების რეჟიმში და დღეის მდგომარეობით, უფრო სწორად, 1 სექტემბრიდან, ჩვენ შეგვეძლება შიგნით სისტემაში მომუშავე 600-მდე ადამიანის ერთდროულად გადამზადება. ვერც ერთი ადამიანი ვერ მოხვდება გამონაკლისის საშუალებით სისტემაში, მას აუცილებლად უნდა ჰქონდეს გავლილი პოლიციის აკადემიის საბაზისო კურსები და შემდგომი ვერტიკალური ზრდაც მხოლოდ და მხოლოდ აკადემიის გავლით იქნება შესაძლებელი.
ამავე დროს, სოციალური კომპონენტში, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვესმის, პოლიციელისთვის, რომელიც ზრუნავს სხვა მოქალაქის უსაფრთხოებაზე, 250 ლარი დღევანდელი ხელფასიდან გამომდინარე, არ არის იდეალური, თუმცა, ეს არის, რაც ჩვენ დღეს შევძელით. ჩვენ ამას გავაგრძელებთ მომავალი წლიდანაც და ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ წელს, სოციალური კომპონენტის, ასე ვთქვათ, გასაძლიერებლად, შინაგან საქმეთა სამინისტროში დავიწყებთ ბინათმშენებლობის ახალ პროგრამას, რომელიც მოიცავს თბილისს, ბათუმს, ქუთაისს, ზუგდიდს და რუსთავს. ეს იქნება ის კომპონენტი, რომელიც გაზრდის სოციალურ გარანტიებს თითოეული პოლიციელისათვის და მათ თავიანთი ცხოვრების გრძელვადიანი დაგეგმარების საშუალებას მისცემს.
დარწმუნებული ვართ, რომ მსგავსი სოციალური გარანტიები იქნება კიდევ უფრო გამაძლიერებელი კომპონენტი იმისთვის, რომ ჩვენ საუკეთესო ახალგაზრდები მოვიძიოთ შინაგან საქმეთა სამინისტროში. ძალიან კარგად გვესმის, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო დღეს ქვეყანაში, ფაქტობრივად, არის მართლწესრიგის ხერხემალი. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ ეფექტიანი სამართლიანი და, ამავდროულად, პოლიტიკურად ნეიტრალური შს სამინისტრო და პოლიცია - ეს არის ამ ქვეყნის უდიდესი მონაპოვარი, რომელსაც სჭირდება განვითარება და რისთვისაც ჩვენ, ასევე, მზად ვართ.
მე გამომრჩა ერთი კომპონენტი, რომელზეც თქვენ, პარლამენტარებს, მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ. თქვენ ყველაზე კარგად იცით, რამხელა პროგრესი იქნა მიღწეული საკანონმდებლო ჩარჩოს განვითარებაში. თქვენი დახმარებით მოხდა „ქურდული სამყაროს“ კონტექსტში იმ საკანონმდებლო ცვლილებების შეტანა, რომლებიც უკვე განხორციელებულია და კიდევ ბევრი სხვა საკანონმდებლო ცვლილება... ჩვენ ასეთი საკანონმდებლო ცვლილებების დიდი გეგმა გვაქვს, რომელსაც უახლოეს მომავალში წარმოგიდგენთ და დარწმუნებული ვარ, რომ ერთობლივი მუშაობით შევძლებთ, უფრო ეფექტიანი და სამართლიანი გავხადოთ ჩვენი პოლიცია.