შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა საქართველოს რეგიონების პოლიციის დეპარტამენტების ხელმძღვანელებთან სამუშაო თათბირი გამართა. პოლიციის დეპარტამენტების დირექტორებთან შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე - შალვა ბედოიძე დაესწრო.
ვახტანგ გომელაურმა ყურადღება გაამახვილა დანაშაულთან ბრძოლის შედეგების მთავარ ინდიკატორებსა და საზოგადოების უსაფრთხოების საკითხებზე.
შინაგან საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ გასულ, 2021 წელს დანაშაულის რაოდენობის კლება გაგრძელდა, გახსნის მაჩვენებელმა კი მნიშვნელოვნად მოიმატა - 35,5%-დან 49,8%-მდე გაიზარდა.
ვახტანგ გომელაურმა დანაყოფების ხელმძღვანელებთან ასევე ისაუბრა არსებული გამოწვევების, ინფრასტრუქტურული შესაძლებლობების გაუმჯობესებისთვის საჭირო სამუშაოებისა და რეგიონებში პრევენციული საპოლიციო ღონისძიებების შესახებ.
შინაგან საქმეთა მინისტრმა ერთობლივი ეფექტიანი საქმიანობისთვის თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ დანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით კომპლექსური ღონისძიებები 2022 წელსაც აქტიურად გაგრძელდება.