შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა საქართველოს პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში, სამინისტროს მიერ 2022 წელს გაწეული საქმიანობის, მიმდინარე პროექტებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა.
ვახტანგ გომელაურმა გასული წლის საქმიანობის მიმოხილვისას განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2022 წელს აქტიურად განაგრძო დანაშაულთან უკომპრომისო ბრძოლა - როგორც პრევენციული ღონისძიებები, ასევე, მომხდარ დანაშაულებზე სწრაფი რეაგირება, რაც სტატისტიკურ მონაცემებში აისახა.
შინაგან საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ პოლიციის ეფექტიანი მუშაობის შედეგად, 2022 წლის დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი უპრეცედენტოდ მაღალია - 62%-ს აღემატება, ამასთანავე, შემცირებულია ისეთი მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულები, როგორიცაა: მკვლელობა, მკვლელობის მცდელობა, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ყაჩაღობა და ქურდობა.
როგორც ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, 2022 წელს დასრულდა კრიმინალური პოლიციის რეფორმის პირველი ეტაპი - სრულად გაიმიჯნა ოპერატიული, საგამოძიებო და პრევენციული მიმართულებები. რეფორმის ფარგლებში, მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტმა თბილისის ყველა რაიონი მოიცვა. თბილისის შემდეგ, რუსთავი გახდა პირველი ქალაქი, სადაც მართლწესრიგის ოფიცრები უკვე შეუდგნენ საქმიანობას.
ვახტანგ გომელაურმა ხაზი გაუსვა, რომ გასულ წელს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მართლწესრიგისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის უზრუნველყოფისა და გაუმჯობესების მიზნით, არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი განახორციელა, განახლდა ავტოპარკი, სპეციალური ტექნიკა და აღჭურვილობა. 2022 წელს, საქართველოს მთავრობასთან კოორდინაციის შედეგად, 3 ახალი შვეულმფრენის შესყიდვის მიზნით, ფრანგულ კომპანია "Airbus Helicopters"-თან ხელშეკრულება უკვე გაფორმდა. შვეულმფრენები, რომლებსაც სამინისტრო შეიძენს, მრავალფუნქციურია და შეუძლიათ შეასრულონ საპოლიციო, სატრანსპორტო, სამძებრო და სამაშველო ოპერაციები.
შინაგან საქმეთა მინისტრმა სამინისტროს ყველა თანამშრომელს საზოგადოებრივი წესრიგისა და ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის გაწეული დაუღალავი შრომისთვის მადლობა გადაუხადა.
ვახტანგ გომელაურმა ასევე აღნიშნა, რომ სამინისტროს თანამშრომელთა სოციალური პირობების გაუმჯობესება, მათთვის ღირსეული და სათანადო სამუშაო გარემო შექმნა უწყების უმთავრესი პრიორიტეტია.
2022 წლის პირველი იანვრიდან, პოლიციელების, პატრულ-ინსპექტორების, მესაზღვრეების, მეხანძრე-მაშველების და შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა თანამშრომლის ხელფასები 10%-ით გაიზარდა. 2023 წლიდან კი, შტატიანი თანამშრომლების ხელფასი გაიზარდა 20%-ით, ხოლო დანარჩენი თანამშრომლების - 10%-ით, როგორც ყველა სხვა საჯარო უწყების თანამშრომლების.
ვახტანგ გომელაურმა „პოლიციის ქალაქის“ მშენებლობის პროექტზეც ისაუბრა. მისი თქმით, პროექტის ფარგლებში, 1000-მდე პოლიციელი მიიღებს ბინას.
შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ 2023 წელსაც აქტიურად გაგრძელდება რეფორმები, ინფრასტრუქტურისა და აღჭურვილობის განახლება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს 2022 წლის საქმიანობის ანგარიში