შინაგან საქმეთა მინისტრი - ვახტანგ გომელაური, ფინანსთა მინისტრი - ლაშა ხუციშვილი, გაეროს ნარკოტიკების და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისის (UNODC) რეგიონული წარმომადგენელი ცენტრალურ აზიაში - აშიტა მიტალი და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციისა (WCO) და გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისის (UNODC) ერთობლივი პროექტის - „კონტეინერების კონტროლის პროგრამა (CCP)“ - გახსნის 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ.
ვახტანგ გომელაურმა ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა.
„პირველ რიგში, შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელით, მსურს, მადლობა გადაგიხადოთ პროექტის განხორციელებისთვის. ჩვენ ვაფასებთ გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისის მიერ გაწეულ საქმიანობას და არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობას.
მინდა, ხაზი გავუსვა წლების განმავლობაში გაეროს ნარკოტიკების და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისისა და მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის მიერ გაწეულ მხარდაჭერას და მის მნიშვნელობას სამინისტროს შესაძლებლობების განვითარების კუთხით. თქვენი ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში, 2012 წლიდან, საქართველოში ხორციელდება კონტეინერების კონტროლის პროგრამა, რომელიც ხელს უწყობს რეგიონულ თანამშრომლობას შავი ზღვისა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში.
კონტეინერების კონტროლის პროგრამის ფარგლებში არსებული ერთობლივი ჯგუფის უშუალო ჩართულობის შედეგად, ამოღებულ იქნა 180 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, ასევე, 5 კილოგრამზე მეტი ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი“ და სხვადასხვა დასახელების განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერება, რომლებიც განკუთვნილი იყო, როგორც საქართველოში, ასევე, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნაში უკანონო გავრცელებისთვის“, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.
სტუმრებს ასევე მისასალმებელი სიტყვით მიმართეს გაეროს ნარკოტიკების და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისის რეგიონულმა წარმომადგენელმა ცენტრალურ აზიაში - აშიტა მიტალმა და ფინანსთა მინისტრმა.
ლაშა ხუციშვილმა პროექტის ფარგლებში მიღწეული შედეგები შეაფასა, შინაგან საქმეთა მინისტრს და პარტნიორ ორგანიზაციებს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.
შინაგან საქმეთა მინისტრმა - ვახტანგ გომელაურმა, ფინანსთა მინისტრმა - ლაშა ხუციშვილმა და გაეროს ნარკოტიკების და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისის რეგიონულმა წარმომადგენელმა ცენტრალურ აზიაში - აშიტა მიტალმა კონტეინერების კონტროლის პროგრამის მონაწილე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის და ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლებს სერტიფიკატები გადასცეს და სიმბოლური საჩუქრებით დააჯილდოვეს.
ღონისძიების დასასრულს, ხელი მოეწერა შინაგან საქმეთა სამინისტროს, გაეროსა და ფინანსთა სამინისტროს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს.
აღნიშნული პროექტი შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ფინანსთა სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით, 2012 წლიდან ხორციელდება. პროგრამის მიზანია მაღალი რისკის მქონე ქვეყნებიდან შემოსული კონტეინერების კონტროლის მექანიზმების გაუმჯობესების უზრუნველყოფა გამოცდილების გაზიარების, შესაძლებლობების განვითარებისა და ტექნიკური აღჭურვის საშუალებით.