შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური ბორჯომის მუნიციპალიტეტში ჩავიდა და ხანძრის გავრცელების არეალი პირადად დაათვალიერა. ვახტანგ გომელაური ოპერატიული მართვის შტაბში სამუშაო თათბირს დაესწრო, სადაც ადგილზე არსებულ ვითარებას და ხანძრის სალოკალიზაციო-სალიკვიდაციო სამუშაოების შედეგებს დეტალურად გაეცნო.
"დღეს ნახეთ, რომ სასაზღვრო ავიაციასთან ერთად 3 თვითმფრინავი ჩაერთო სამუშაოებში და მინდა დიდი მადლობა ვუთხრა ჩვენს მეგობრებს - თურქულ მხარეს. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს დახმარება და მნიშვნელოვნად შეეტყო ხანძრის ქრობის სამუშაოებს.
დღეს ქარი იყო და უჭირდათ ვერტმფრენებს. დილით იმუშავეს რამდენიმე საათი, თუმცა ქარში ვეღარ მუშაობდნენ და აქედან გამომდინარე, ავიაციამ იმუშავა მაქსიმალურად მაღალ დონეზე და შედეგიც სახეზეა, შედარებით დაიკლო ცეცხლის კერებმა და გაფართოების არეალმა.
მინდა, ხაზი გავუსვა ჩვენი მეგობრების - აზერბაიჯანული მხარის შემოთავაზებას, მსურს მათ მადლობა ვუთხრა. მადლობა მინდა გადავუხადო, ასევე, სომხურ მხარესაც, მათ შემოგვთავაზეს ტექნიკით დახმარება, თუმცა, ტექნიკა ჩვენც გვყავს მობილიზებული, მაგრამ ხედავთ, რომ ვერ ვამუშავებთ დიდი რაოდენობით, ფიზიკურად ისეთი რელიეფია.
მსურს ხაზი გავუსვა - ევროპაშიც არის ხანძრები, ასევე სხვადასხვა ქვეყნაში და ყველას თავის გაჭირვება აქვს. სახანძრო თვითმფრინავი - ეს არის ძალიან დიდი ფუფუნება და ყველა სახელმწიფოს არ ჰყავს, აქედან გამომდინარე, ახლო მომავალში არ ველოდებით, რომ სხვა ქვეყნიდანაც ჩამოვა თვითმფრინავი.
ხანძრის გავრცელების არეალი წითელ ზონას არ გასცდენია, თუმცა გუშინ სადაც არ იყო, დღეს გადასულია ცეცხლი და გაჩნდა ახალ-ახალი კერები. სადაც ფიჭვნარია, უფრო მეტად იქ ჩნდებოდა.
მთლიანად დავარტყით ახლა წრე, ვნახეთ, დავათვალიერეთ. გახსოვთ თქვენ, წინა წლებში მომხდარი ბორჯომის ხანძარი, ერთიანად, მთლიანად იწვებოდა ყველაფერი. აქ ასე არ არის, პატარ-პატარა კერებია. ტერიტორიის მასშტაბი დიდია, თუმცა ცეცხლის მასშტაბი შედარებით ნაკლებია.
ის საფრთხე, რომ ხანძარი მოსახლეობაზე გადავიდეს და გავრცელდეს, მოხსნილი. მაქსიმალურად გადასროლილია სახანძრო მანქანები ქვედა მხარეს და საშიშროება, რომ ცეცხლი გადავა დასახლებულ პუნქტებზე, არ არსებობს, თუ რამე სასწაული არ მოხდა და ქარიშხალი არ ამოვარდა.
როდის ჩაქრება ხანძარი - ძალიან რთულია ამაზე პასუხის გაცემა. ეს არის დიდ წილად ამინდზე დამოკიდებული. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, ვერტმფრენებიც რომ გვყავდეს მეტი, თუ ქარი იქნება, ვერ იმუშავებენ. ასევე, მსურს გაცნობოთ, როგორც მომახსენეს, სტრატეგიულ მილსადენებზე საშიშროება არ არსებობს", - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის ქრობის უწყვეტ სამუშაოებში, მეხანძრე-მაშველებთან ერთად, აქტიურად მონაწილეობენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის, თავდაცვის სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ასევე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები.
ხანძრის სალოკალიზაციო-სალიკვიდაციო სამუშაოებში, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებთან ერთად, საერთაშორისო დახმარების ფარგლებში, დღეს ჩაერთო და მთელი დღის განმვლობაში აქტიურად მონაწილეობდა თურქეთის რესპუბლიკის 3 სპეციალიზებული სახანძრო თვითმფრინავი. დილიდან ხანძრის ქრობისა და პრევენციულ ღონისძიებებში ჩაერთო რკინიგზის დეპარტამენტის სახანძრო მატარებელიც.
დასახლებული პუნქტების და სტრატეგიული ობიექტების მიმართულებით ხანძრის გავრცელების პრევენციისა და ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით ყველა შესაბამისი ღონისძიება ხორციელდება. მოწყობილია სპეციალური თხრილები, მაქსიმალურად მობილიზებულია ყველა ტიპის სახანძრო-სამაშველო ავტოტექნიკა, ხანძრის უწყვეტი მონიტორინგი კი დრონების მეშვეობით ხდება.