2016 წლის სექტემბრის თვეში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, სხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან ერთად, კრიზისულ სიტუაციებში ინფორმაციის მართვის შესახებ ტრენინგი ჩაუტარდათ.
ტრენინგის მიზანი იყო მონაწილეთა ინფორმირება საზოგადოებასთან კომუნიკაციისა და მედიასთან ურთიერთობის, კრიზისულ სიტუაციებში საჯარო განცხადების გაკეთების, ბუნებრივი კატასტროფების გაშუქებისა და სხვა რელევანტური საკითხების შესახებ.
პროექტი მიზნად ისახავს პოლონეთის გამოცდილების გაზიარებას ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული (ქბრბ) საფრთხეების პრევენციისა და მათზე რეაგირების საკითხებზე. იგი ორი კომპონენტისგან შედგება: ქბრბ საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლა და კრიზისულ სიტუაციებში ინფორმაციის მართვა. აღნიშნული ტრენინგი პროექტის ერთ-ერთ კომპონენტს წარმოადგენს.
სწავლებაში ასევე მონაწილეობდნენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს და სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს წარმომადგენლები. ქბრბ საფრთხეებზე რეაგირების საკითხებზე ტრენინგი ჩაუტარდათ აღნიშნულ თემებზე მომუშავე პირებს და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურების თანამშრომლებს.
სწავლების დასასრულს, ყველა მონაწილეს შესაბამისი სერთიფიკატები გადაეცა.