სტიქიის ზონაში, მეხანძრე-მაშველების მიერ მიწის მასის დამუშავების დროს კიდევ ერთი ცხედარია ნაპოვნი, ამის შესახებ ჟურნალისტებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა განუცხადა.
„მდინარის კალაპოტში ნანახია მდედრობითი სქესის ადამიანის ცხედარი, ასევე ნანახია ადამიანის ფრაგმენტიც. აღნიშნულ ლოკაციაზე დამატებითი მობილიზაცია მიმდინარეობს, რომ ძებნა-შველის არეალი უფრო მეტად გავშალოთ და გავაფართოვოთ.
დღეს უკვე 10 ლოკაციაზე მიმდინარეობს საძიებო სამუშაოები, თავდაცვის სამინისტროს მიერ მივიღეთ სპეციალური აღჭურვილობა, რომლის საშუალებითაც ხდება ტერიტორიების დათვალიერება მეტალის აღმოჩენის მიზნით, მანქანის ფრაგმენტების და თვითონ მანქანის საძიებო მიმართულებით. სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს“, - განაცხადა თემურ მღებრიშვილი.
ონის მუნიციპალიტეტში მეექვსე დღეა ძებნა-შველის ღონისძიება უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. სამუშაოებში ჩართულნი არიან პოლიციის დანაყოფები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, კინოლოგთა ჯგუფი, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები, დრონები და სპეცტექნიკა. ასევე, სტიქიის ზონაში მუშაობენ თავდაცვის სამინისტროს და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლები.
მაშველების მიერ ამ დროისთვის სტიქიის ზონაში ძებნა-შველის ღონისძიების შედეგად აღმოჩენილია 19 ცხედარი.