შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის დროებითი მოთავსების იზოლატორს ყირგიზეთის დელეგაცია ეწვია. ვიზიტი საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „ციხის საერთაშორისო რეფორმის“ ორგანიზებით განხორციელდა.
აღნიშნული დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ ომბუდსმენი, წამების პრევენციის ეროვნული ცენტრისა და უზენაესი სასამართლოს თანამშრომლები, ასევე, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.
დელეგაციის წევრებმა თბილისის დროებითი მოთავსების იზოლატორი დაათვალიერეს და არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნენ.
სტუმრებმა ყურადღება გაამახვილეს იზოლატორში მოთავსებულ პირთა 24-საათიან სამედიცინო მომსახურებასა და იზოლატორში მომუშავე ექიმების მიერ სტამბოლის ოქმის მიხედვით დაზიანებების დოკუმენტირების მიმართულებებზე.
დელეგაციის წევრებმა იზოლატორში ფსიქოლოგის მომსახურების არსებობა მნიშვნელოვან მიღწევად მიიჩნიეს. ვიზიტის შეფასებისას, სტუმრებმა აღნიშნეს, რომ იზოლატორში არსებული პირობები საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება.