შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის სწრაფი რეაგირების სამმართველოს თანამშრომლებმა სპეციალური ტაქტიკისა და ტოპოგრაფიული მომზადების პროფესიული კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსი გაიარეს. ტრენინგში ჩართული იყო სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის დირექტორი ზურაბ ჭაბაშვილი.
სწავლება საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი სტრატეგიული მილსადენის ერთ-ერთი ყველაზე რთული რელიეფის მქონე, 40-კილომეტრიან მონაკვეთზე ჩატარდა. კურსი რეალურ პირობებში მოქმედებას ითვალისწინებდა და მოიცავდა: საველე ტაქტიკურ ვარჯიშებს, პრაქტიკული დავალებების შესრულებას, სადაზვერვო ღონისძიებების ჩატარებას, კომპასის გამოყენებით ორიენტირებას, ასევე, თეორიულ და პრაქტიკულ ტოპოგრაფიულ მომზადებას.
სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებს პროფესიული წვრთნები პერიოდულად უტარდებათ. მსგავსი სწავლებები მიზნად ისახავს დეპარტამენტის თანამშრომლების როგორც თეორიული ცოდნის ამაღლებას, ასევე, პრაქტიკული ვარჯიშების ჩატარებას, რაც სტრატეგიულ მილსადენებზე უსაფრთხოების ეფექტურ დაცვას უზრუნველყოფს.