ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში მეხანძრე-მაშველები უწყვეტ რეჟიმში აგრძელებენ სამძებრო სამუშაოებს, რომელიც სტიქიის ეპიცენტრში, ასევე, მდინარეების - რიონის და ჭანჭახის კალაპოტში მიმდინარეობს.
სამუშაოებში ჩართულია, როგორც ცოცხალი ძალა, ასევე, მძიმე ტექნიკა, კინოლოგთა ჯგუფი და მცურავი საშუალებები. მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით, დღის ბოლოს მედიასთან შემაჯამებელი კომენტარი გააკეთა შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა.
„ამ წუთებშიც აქტიურად მიმდინარეობს ძებნის ღონისძიება. სტიქიის ეპიცენტრში ფაქტიურად ჩვენ უკვე მთლიანად გვაქვს ტერიტორია შემოწმებული. დარჩენილია რამდენიმე ასეული კვადრატული მეტრი, რომელზეც მძიმე ტექნიკა ვერ ახერხებდა შესვლას და დღეს, ღამის განმავლობაში გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას.
ხვალისთვის ვგეგმავთ უკვე მდინარის კალაპოტში მძიმე ტექნიკის შეყვანას, რისი საშუალებაც ნიადაგის გამო ამ დრომდე არ მოგვეცა. დღეს შევამოწმეთ გარკვეულ ადგილებში, სადაც გვქონდა გონივრული ეჭვი რომ შეიძლება იყოს ცხედარი ან ფრაგმენტი. უკვე ნიადაგი მყარია და ხვალ დილიდან დავიწყებთ ამ მიმართულებით აქტიურ სამძებრო სამუშაოებს.
როგორც მოგეხსენებათ, მდინარე რიონის და მდინარე ჭანჭახის ხეობებში 54 კილომეტრიანი მონაკვეთის გადამოწმება მიმდინარეობს, როგორც მცურავი, ისე კინოლოგების საშუალებებით. ასევე, მდინარის კალაპოტში მეხანძრე-მაშველებიც გადაადგილდებიან ფეხით და თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად მიმდინარეობს მონიტორინგი.
რაც შეეხება მონაცემებს, სტატისტიკა დღეს სამწუხაროდ არ შეცვლილა. 26 ცხედარია ამ დროისთვის ნანახი. დაკარგულების რაოდენობაა შვიდი. რამდენიმე ადამიანზე ველოდებით დნმ-ის პასუხებს. ასევე პროზექტურაში, ადამიანის ორი ფრაგმენტია, რომლის იდენტიფიცირების პასუხსაც ველოდებით“, - განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.