შინაგან საქმეთა სამინისტროს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამის ფარგლებში, შსს-ს მომსახურების სააგენტოს სპორტულმა კლუბმა MIA FORCE-მა „თბილისობის“ დღესასწაულში მონაწილეობა მიიღო. კლუბის სპორტსმენებმა მეტეხის ხიდზე მოწყობილ საგამოფენო სივრცეში მოქალაქეებს უმასპინძლეს, საკუთარი სპორტული ავტომანქანები დაათვალიერებინეს და თავიანთ მიღწევებზე ესაუბრნენ. ღონისძიებაში აქტიურად იყო ჩართული შსს-ს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამის სახე, ევროპის ჩემპიონი, ავტომრბოლელი დათა ქაჯაია, რომელმაც მოქალაქეებს კამპანიის სიმბოლოები საჩუქრად გადასცა და საგზაო მოძრაობის წესების დაცვისკენ მოუწოდა.
შსს-ს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიას "შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის" ჟურნალ "ავტობილდ საქართველოს" პროექტი "#არვარღვევ" შეუერთდა, რომლის ფარგლებში, მეტეხის ხიდზე სხვადასხვა სპორტული ავტომობილი, მოტოციკლეტები, საგზაო ნიშნები გამოიფინა და საინტერესო აქტივობები გაიმართა.