შსს-ში ქბრბ საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორისი საბჭოს ქიმიური, ბიოლოგიური და რადიაციულ-ბირთვული სამუშაო ჯგუფების წევრებსა და გაეროს დანაშაულისა და სამართლის კვლევის რეგიონთაშორისი ინსტიტუტის (UNICRI) ექსპერტებს შორის ქბრბ საფრთხეების შემცირების ეროვნული სტრატეგიის სამოქმედო გეგმის პროექტის განხილვის მიზნით შეხვედრა გაიმართა. საერთაშორისო ექსპერტთა ვიზიტი ევროკავშირის ინიციატივის - „ქბრბ რისკების შემცირების გამოცდილების გაზიარების ცენტრები“ ფარგლებში ხორციელდება. აღნიშნული ინიციატივის ერთ-ერთი მიზანია პარტნიორი ქვეყნების ქბრბ საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის შესაძლებლობების გაუმჯობესება, მათ შორის, ეროვნული სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების შემუშავების პროცესის მხარდაჭერა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე უწყებაა და ქვეყნის ქბრბ საფრთხეების შემცირების სფეროში წამყვანი როლი აკისრია. ქბრბ უსაფრთხოების უზრუნველყოფა მსოფლიო თანამეგობრობის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. საქართველო, თავისი ევროატლანტიკური კურსიდან გამომდინარე, აქტიურად თანამშრომლობს ევროკავშირთან, ნატო-სთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან და გაერო-სთან აღნიშნულ სფეროში და საკუთარი წვლილი შეაქვს ქბრბ უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.
უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება სტრატეგიის სამოქმედო გეგმას, სადაც გაწერილია კონკრეტული ღონისძიებები შესაბამისი საფრთხეების პრევენციის, გამოვლენის, მათზე მზადყოფნისა და რეაგირების მიმართულებით. სამოქმედო გეგმის პროექტში ასევე ხაზგასმულია ქბრბ საფრთხეების შემცირების სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით გადასადგმელი ნაბიჯები. უწყებათშორისი საბჭოს სამუშაო ჯგუფის წევრები და გაეროს რეგიონთაშორისი დანაშაულისა და სამართლის კვლევის ინსტიტუტის (UNICRI) ექსპერტები, განხილვის შედეგად შეთანხმდებიან სამოქმედო გეგმის საბოლოო ვერსიაზე, რომელიც უწყებათშორის საკოორდინაციო საბჭოს დასამტკიცებლად წარედგინება.