ნატო-ს შემფასებელთა მისიამ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან დაგეგმვისა და მიმოხილვის პროცესში (PARP) უწყების კომპეტენციით განსაზღვრული საკითხების შესრულების შეფასების მიზნით სამუშაო შეხვედრები გამართა. შემფასებელთა დელეგაციას ნატო-ს საერთაშორისო სამსახურის თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის დეპარტამენტის შეიარაღებულ ძალთა განვითარების დაგეგმვის დირექტორატის უფროსი ფრენკ ბოლანდი ხელმძღვანელობდა.
შეხვედრას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან ესწრებოდნენ საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის, სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის, სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის, სასაზღვრო პოლიციის ადმინისტრაციის (მთავარი სამმართველო) საერთაშორისო-სასაზღვრო თანამშრომლობის სამსახურის, კადრების სამმართველოს, სასაზღვრო მონიტორინგის, კავშირგაბმულობის და ინფორმაციული სისტემების სამმართველოსა და შსს-ს აკადემიის წარმომადგენლები. ნატო–ს შემფასებელთა მისიამ აგრეთვე გამართა ორმხრივი შეხვედრა შს მინისტრის მოადგილე დავით ხუციშვილთან. მხარეებმა განიხილეს ნატო-ს უელსის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებები, საქართველოსთვის მინიჭებული არსებითი პაკეტის განხორციელების გეგმა, ასევე ისაუბრეს შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების პროცესის შესახებ.
შეხვედრის ბოლოს დადებითი შეფასება მიეცა დაგეგმვისა და მიმოხილვის პროცესის მიმდინარეობისას (PARP) და ყოველწლიური ეროვნული პროგრამის ფარგლებში (ANP) შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების საკითხს.