გერმანიის კრიმინალური პოლიციის უფროსმა საქართველოს პოლიციის ატაშეს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსი დავით ნატრიაშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბადენ-ვიურტემბერგის კრიმინალური პოლიციის სამსახურის პრეზიდენტს, რალფ მიჰელფელდერს შეხვდა.
შეხვედრის მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებულ ნაყოფიერ და მჭიდრო თანამშრომლობას, რომელიც, გერმანული მხარის შეფასებით, წელს უაღრესად წარმატებულია.
დავით ნატიაშვილმა და რალფ მიჰელფელდერმა გასულ კვირას, აღნიშნულ ფედერალურ მიწაზე საქართველოს შს მინისტრ გიორგი მღებრიშვილის ვიზიტის დროს ხელმოწერილი მემორანდუმის იმპლემენტაციასა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებაზე იმსჯელეს. საქართველოსა და გერმანიის კრიმინალური პოლიციის ხელმძღვანელები გამოცდილების გაზიარებაზე, ოპერატიული მიმართულებით ინფორმაციის გაცვლაზე და საჭიროების შემთხვევაში, ორმხრივი საგამოძიებო ჯგუფების შექმნაზე შეთანხმდნენ.
ვიზიტის ფარგლებში, შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოს უფროსი მიხეილ ძაგნიძე საერთაშორისო სიმპოზიუმზე - "საკუთრების წინააღმდეგ მიმართული ორგანიზებული დანაშაული" მოხსენებით წარდგა. სიმპოზიუმში ევროპოლის, გერმანიის სხვადასხვა ფედერალური მიწის, რუმინეთისა და სერბეთის პოლიციის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. გერმანიის ფედერალური კრიმინალური პოლიციის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის დეპარტამენტის დირექტორმა, საბინე ფოგტმა თავის გამოსვლაში განსაკუთრებული ყურადღება საქართველოს პოლიციის ატაშეს, გვანცა ჩხვიმიანის წარმატებულ საქმიანობაზე გაამახვილა, მას საჯაროდ მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საპოლიციო ატაშეების დონეზე გერმანია 65 ქვეყანასთან თანამშრომლობს, თუმცა ამ ინსტიტუტის საჭიროება და შედეგი ყველაზე უკეთ სწორედ საქართველოსთან პარტნიორობის შედეგად გამოჩნდა.
საქართველოს შსს-ს ცენტალური კრიმინალური პოლიციის დელეგაცია შტუტგარტში ბადენ-ვიურტემბერგის ფედერალური მიწის შინაგან საქმეთა სამინისტოს მიწვევით იმყოფებოდა.