შინაგან საქმეთა მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძის ინიციატივით დაწყებულ, ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სოციალურ კამპანიას – „არა ძალადობას!“ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები შეუერთდნენ. შსს-ს და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ სპეციალურად შექმნილი ერთობლივი სამუშაო ჯგუფის წევრებმა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეკრებილ სტუდენტებს კამპანიის მიზანი და მნიშვნელობა გააცნეს.
სამუშაო ჯგუფის წევრებმა – შსს-ს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამართველოს ახალციხის რაიონული სამმართველოს ინსპექტორ-გამომძიებელმა ნონა გიქოშვილმა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ფსიქოლოგმა ნინო ნადირაძემ და არასამთავრობო ორგანიზაცია „ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი“-ს წარმომადგენელმა მარეხ კირთაძემ მოსწავლეებს განუმარტეს, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლს კანონი იცავს, მოძალადე კი ისჯება.
შეხვედრას ესწრებოდა სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსი თეიმურაზ კალანდაძე, რომელმაც სტუდენტებთან ძალადობის შემთხვევების დროს სამართალდამცველების როლზე ისაუბრა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ძალადობა დასჯადია, ხოლო პოლიცია ყოველთვის იცავს ადამიანის უფლებებს და მოქალაქეთა თანამშრომლობა სამართალდამცველებთან აუცილებელია, რათა მათ შეძლონ ძალადობის აღკვეთა და მსხვერპლის დახმარება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა შსს-ს ინიციატივით კანონში შესული ცვლილებების შესახებ ისაუბრეს. 2013 წლიდან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც მოხდა ოჯახში ძალადობის კრიმინალიზაცია. ახალგაზრდებს განუმარტეს, რომ ძალადობის მსხვერპლს კანონი იცავს, ხოლო ოჯახში ძალადობა უკვე 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
სამუშაო ჯგუფის წევრებმა სტუდენტებს კამპანიის ფარგლებში შექმნილი სოციალური ვიდეორგოლები უჩვენეს. რგოლების მიზანია საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება იმის შესახებ, რომ ოჯახში ძალადობის ფაქტების შემთხვევაში უნდა დარეკონ ცხელ ხაზზე - „112“ ან მიმართონ უბნის ინსპექტორს, მოძალადეებმა კი მიიღონ გაფრთხილება, რომ ოჯახში ძალადობა თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
შეხვედრის ბოლოს სამუშაო ჯგუფის წევრებმა სტუდენტების კითხვებს უპასუხეს.
შსს-მ სხვა სახელმწიფო უწყებებთან ერთად, აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით, ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სოციალური კამპანია „არა ძალადობას!“ 25 ნოემბერს დაიწყო. კამპანიის ფარგლებში, საინფორმაციო შეხვედრები თბილისსა და საქართველოს რეგიონებში, სხვადასხვა საშუალო სკოლასა და უმაღლეს სასწავლებლებში ყოველდღიურად იმართება. შეხვედრების მიზანია მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლება და პრობლემის დასაძლევად საზოგადოების ჩართულობის აუცილებლობის ხაზგასმა.