შსს-ს წარმომადგენლები, ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში, თბილისის 106-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდნენ. მათ უფროსი კლასის მოსწავლეებს ე.წ. ბიონარკოტიკის მოხმარების წინააღმდეგ დაწყებული კამპანიის მიზანი და მნიშვნელობა გააცნეს. შსს-ს წარმომადგენლებმა მოსწავლეებს განუმარტეს, რომ 1 მაისიდან ძალაში შედის კანონი „ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ“, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით შეიქმნა. აღნიშნული კანონის თანახმად, იკრძალება ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება, საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოტანა ან უკანონოდ გატანა, შესაბამისად, მსგავსი ქმედება სისხლის სამართლის წესით დაისჯება. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩატარდა.
შეხვედრაზე მოზარდებს კამპანიის ფარგლებში გადაღებული საინფორმაციო ვიდეორგოლები უჩვენეს, რომლებშიც სხვადასხვა პროფილის ექიმები მოქალაქეებს ე.წ. ბიონარკოტიკის მოხმარებით გამოწვეულ საფრთხეებზე ინფორმაციას აწვდიან. მოსწავლეებს ასევე უჩვენეს შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ის მიერ მომზადებული საინფორმაციო რგოლი. ვიდეორგოლის მეშვეობით მათ იმ პირველადი სიმპტომების შესახებ შეიტყვეს, რაც ე.წ. „ბიო“-ს მოხმარებას ახასიათებს და აღნიშნული სიმპტომების არსებობის შემთხვევაში, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების გამოძახების აუცილებლობის შესახებ მიიღეს ინფორმაცია. კამპანიის სლოგანია „ერთად შევცვალოთ დამოკიდებულება“, მიზანი კი ე.წ. ბიონარკოტიკის გამოყენების პრევენცია და საზოგადოების ინფორმირებაა.
შეხვედრას შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს ისანი-სამგორის სამმართველოს უფროსი ვიქტორ რაზმაძე და შსს-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის სამმართველოს უფროსი სოფო კილაძე დაესწრნენ. მოსწავლეებს ე.წ. „ბიო“-ს მოხმარების მავნე ზეგავლენის შესახებ ასევე ესაუბრა ნარკოლოგი თათა ასათიანი.