შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის, სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს წარმომადგენლებმა, სხვა უწყებებთან ერთად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს საზღვაო სამაშველო საკოორდინაციო ცენტრის ორგანიზებით, ბათუმში გამართულ ერთდღიან, ავარიულად დაღვრილი ნავთობის ლიკვიდაციის და ძებნა-გადარჩენის ფართომასშტაბიან წვრთნაში მიიღეს მონაწილეობა.
სწავლების განმავლობაში შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის წარმომადგენლებს, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებთან ერთად, სანაპირო ზოლის დაცვა, ზღუდეებით არხის გადაკეტვა, ნაპირამდე მოსული დაღვრილი ნედლი ნავთობის შეგროვება და უსაფრთხო ადგილზე გადატანა დაევალათ.
წვრთნის მიზანია ზღვაში დაკარგული ადამიანების ძებნა-გადარჩენის ოპერაციის ჩატარება, ავარიული გემების დასახმარებლად ფართო მასშტაბის ოპერაციის ორგანიზება, დაღვრილი ნავთობის ლიკვიდაცია, დაღვრილი ნავთობისაგან სანაპირო ზონის დაცვა და ოპერაციის მართვის შტაბების შეთანხმებული მოქმედებების დამუშავება. სწავლების დასასრულს მონაწილეებს სერთიფიკატები გადაეცათ.