შს სამინისტროს ინიციატივით დაწყებული ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი გრიგოლ ბესელია, მისი მოადგილე და უბნის ისნპექტორების სამმართველოს უფროსი ზუგდიდის მე-3 საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდნენ.
შსს-ს წარმომადგენლებმა უფროსკლასელებს ე.წ. ბიონარკოტიკების წინააღმდეგ დაწყებული კამპანია გააცნეს და მის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. მათ ასევე ყურადღება გაამახვილეს იმ საფრთხეებზე, რასაც ბიონარკოტიკების მოხმარება იწვევს. შეხვედრას შს სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად განათლების და მეცნიერების სამინისტროს ზუგდიდის რესურსცენტრის ხელმძღვანელი და შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის ექიმ-ნარკოლოგი ესწრებოდნენ, რომლებმაც მოსწავლეების კითხვებს უპასუხეს.
სამხარეო მთავარი სამმართველოს წარმომადგენლებმა მოსწავლეებს კამპანიის ფარგლებში მომზადებული ვიდეორგოლები და ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ის საინფორმაციო რგოლი უჩვენეს. ვიდეორგოლების მეშვეობით მოზარდებმა იმ პირველადი სიმპტომების შესახებ შეიტყვეს, რაც ე.წ. „ბიოს“ მოხმარებას ახასიათებს და აღნიშნული სიმპტომების შემთხვევაში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახების აუცილებლობაზე ინფორმაცია მიიღეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ანტინარკოტიკული კამპანია 24 მარტს დაიწყო. კამპანიის სლოგანია „ერთად შევცვალოთ დამოკიდებულება“, მიზანი კი ე.წ. ბიონარკოტიკის გამოყენების პრევენცია და საზოგადოების ინფორმირებაა. ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრები სხვა რეგიონებშიც გაიმართება.