შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ა/რ მთავარი სამმართველოს უფროსი დავით თამაზაშვილი, შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსი თეიმურაზ კუპატაძე და შსს-ს სხვა წარმომადგენლები, ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში, ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდნენ. შსს-ს წარმომადგენლებმა უფროსი კლასის მოსწავლეებს ე.წ. ბიონარკოტიკის მოხმარების წინააღმდეგ დაწყებული კამპანიის მიზანი და მნიშვნელობა გააცნეს. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში ერთ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. მოსწავლეებს საშუალება მიეცათ მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიეღოთ.
შეხვედრას, შსს-ს წარმომადგენლებთან ერთად, ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ერმაკოვი, აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი გიორგი თავამაიშვილი და აჭარის ა/რ ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი ნუგზარ სურმანიძე ესწრებოდნენ.
შსს-ს წარმომადგენლებმა მოზარდებს კამპანიის ფარგლებში გადაღებული საინფორმაციო ვიდეორგოლები უჩვენეს, რომლებშიც სხვადასხვა პროფილის ექიმები მოქალაქეებს ე.წ. ბიონარკოტიკის მოხმარებით გამოწვეულ საფრთხეებზე აწვდიან ინფორმაციას. შეხვედრაზე შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ის მიერ მომზადებული საინფორმაციო რგოლის ჩვენებაც მოეწყო. ვიდეორგოლის მეშვეობით სკოლის მოსწავლეებმა იმ პირველადი სიმპტომების შესახებ შეიტყვეს, რაც ე.წ. „ბიოს“ მოხმარებას ახასიათებს და აღნიშნული სიმპტომების არსებობის შემთხვევაში, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების გამოძახების აუცილებლობის შესახებ ინფორმაცია მიიღეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ანტინარკოტიკული კამპანია 24 მარტს დაიწყო. კამპანიის სლოგანია „ერთად შევცვალოთ დამოკიდებულება“, მიზანი კი ე.წ. ბიონარკოტიკის გამოყენების პრევენცია და საზოგადოების ინფორმირებაა. ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში, სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრები ქვეყნის ყველა რეგიონში იმართება.