შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენელმა ევროკავშირის სააგენტოს (CEPOL) მიერ ორგანიზებულ, სამართალდამცველთა სწავლების გაცვლით პროგრამაში მიიღო მონაწილეობა.
სასწავლო ვიზიტის ფარგლებში, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სამოქალაქო ურთიერთობებისა და ანალიზის სამმართველოს წარმომადგენელი ერთი კვირის განმავლობაში პოლონეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს რეგიონული პოლიციის შტაბში იმყოფებოდა. პოლონელმა სამართალდამცველებმა ქართველ კოლეგას თავიანთი მუშაობის სპეციფიკა გააცნეს და დანაშაულთან ბრძოლის საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს.
CEPOL-ის გაცვლითი პროგრამის წესების მიხედვით, უახლოეს მომავალში დაგეგმილია პოლონეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის ვიზიტი საქართველოს შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში, გამოცდილების გაზიარების მიზნით.
შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები სისტემატურად მონაწილეობენ მსგავს სასწავლო ვიზიტებში, რაც ხელს უწყობს მათი პროფესიონალიზმის ამაღლებას და პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობის გაღრმავებას.