შინაგან საქმეთა სამინისტროს „BP-საქართველო“-ს გენერალურმა მენეჯერმა კრის შლიტერმა ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის მადლობა გადაუხადა. „BP-საქართველო“-ს წარმომადგენელმა სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის დირექტორი ზაზა ფანცულაია და დეპარტამენტის პირადი შემადგენლობა სპეციალური სიგელებით დააჯილდოვა.
სტრატეგიული მილსადენების უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში სამსახურებრივი მოვალეობების სანიმუშოდ შესრულებისა და სამოქალაქო სექტორთან ურთიერთობების გაღრმავების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, მადლობის სიგელები სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის დირექტორს, მის მოადგილეებს და დეპარტამენტის 26 თანამშრომელს გადაეცათ. შსს-ს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელებისა და თანამშრომლებისთვის „BP-საქართველო“-ს წარმომადგენლებმა სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ საზეიმო მიღება გამართეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს „BP-საქართველო“-ს წარმომადგენლობასთან, რაც საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი მაგისტრალური მილსადენების უსაფრთხოების სისტემის ეფექტურობის გაზრდას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს.