შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლები, სოფელ აწყურთან პატრულირების დროს, ავტოსაგზაო შემთხვევას შეესწრნენ. სავალი გზიდან მტკვრის ხევში გადავარდნილი „ნივის“ მარკის ავტომანქანა, წყალში ჩავარდნისგან ხეებმა იხსნა. მგზავრმა ქალბატონმა სხეულის მსუბუქი დაზიანებები მიიღო, მისი მეუღლე კი, რომელიც საჭესთან იჯდა, მდინარეში ჩავარდა და წყლის ნაკადმა გაიტაცა.
სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მდინარის ხევში, ხეზე შერჩენილი ავტომანქანიდან დაშავებული ქალბატონი გამოიყვანეს, საპატრულო პოლიცია და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს. ქალბატონის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
მდინარეში ჩავარდნილი მამაკაცის სამძებრო-სამაშველო ღონისძიებას შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო განაგრძობს.