შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური და საგანგებო ღონისძებების ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს სამუშაო ვიზიტით ეწვია გაერთიანებული სამეფოს პოლიციის კოლეჯის წარმომადგენელი ბატონი ენტონი ოუენი. ის შეხვდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორს მერაბ მალანიას, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის შტაბის უფროსის მოადგილეს ტიტე მეძმარიაშვილს და სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის ადმინისტრაციის საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსს გიორგი კაციტაძეს.
შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო პროექტები და თანამშრომლობის გეგმები განიხილეს, ხაზი გაუსვეს სპორტული ღონისძიებების დროს მასების მართვისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის კუთხით გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას.
დაგეგმილი ვიზიტის ფარგლებში გაერთიანებული სამეფოს პოლიციის კოლეჯის წარმომადგენელი შსს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის განსაკუთრებულ დავალებათა ქალაქის სამმართველოსა და ამავე დეპარტამენტის III სამმართველოს ეწვია, სადაც მასების მართვის ტრენინგს დაესწრო, ასევე დაათვალიერა ბაზაზე არსებული ინფრასტრუქტურა და ტექნიკური აღჭურვილობა.
ვიზიტის დასასრულს, ბატონი ენტონი ოუენი საქართველო- შოტლანდიის ევრო-2016 წლის საკვალიფიკაციო მატჩს დაესწრო და სპორტული ღონისძიებების დროს მასების მართვის, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის პრაქტიკულ საკითხებში ქართველი სამართალდამცავების მუშაობის სპეციფიკას გაეცნო.