შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები, ვიცე-პოლკოვნიკი პაატა ჩოფიკაშვილი, ვიცე-პოლკოვნიკი ზურიკო ურუმაშვილი და მაიორი შოთა მარდალეიშვილი საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებში ლატვიელი კოლეგების გამოცდილების გაზიარების მიზნით, ქ. რიგაში იმყოფებოდნენ.
ვიზიტის ფარგლებში განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლები შეხვდნენ ლატვიის რესპუბლიკის სახელმწიფო პოლიციისა და ქ.რიგის რეგიონული პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლებს, გაეცნენ მათ მუშაობას და გამოცდილებას დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის სფეროში. ასევე, დაათვალიერეს ლატვიელი კოლეგების თანამედროვე აღჭურვილობა და ტექნიკა. სამინისტროს წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეთვალიერებინათ ლატვიის სახელმწიფო პოლიციის დროებითი დაკავების ცენტრი და გაცნობოდნენ მათ საქმიანობას.
ლატვიის რესპუბლიკის პოლიციურმა დანაყოფებმა წლების განმავლობაში დიდი გამოცდილება დააგროვეს დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებში, შესაბამისად, მათი საუკეთესო პრაქტიკის გაცნობა და გაზიარება ძალიან მნიშვნელოვანია შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებისათვის. ლატვიელ კოლეგებთან თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.