შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა თემურ კეკელიძემ, სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორთან, I რანგის კაპიტან თემურ კვანტალიანთან ერთად, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. სასაზღვრო პოლიციის უფროსთან ერთად, გმირების ხსოვნას პატივი მიაგო უკრაინის ელჩმა იგორ დოლგოვმა, ასევე, ფოთის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა კურდღელიამ და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე აკაკი დარჯანიამ.
აგვისტოს ომში დაღუპული გმირებისთვის პატივის მისაგებად შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის თანამშრომლებმა შავ ზღვაში გვირგვინი ჩაუშვეს.
ღონისძიებას გარდაცვლილთა ოჯახის წევრები, ასევე, უკრაინის საელჩოსა და საზღვაო ძალების წარმომადგენლები დაესწრნენ.
2008 წელს, რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად, სანაპირო დაცვისა და სამხედრო-საზღვაო ძალების ინფრასტრუქტურა და ფლოტი ნაწილობრივ განადგურდა. რუსეთის საოკუპაციო ძალების აგრესიის შედეგად, ფოთის ბაზაზე, დაიღუპა 5 (საზღვაო კაპრალი ზვიად ბარბაქაძე, საზღვაო კაპრალი თემურ ფიჩხაია, საზღვაო კაპრალი ზვიად დათუაშვილი, საზღვაო კაპრალი გიორგი ღვინჯილია, კაპიტან-ლეიტენანტი თეიმურაზ ჭიტაძე) და დაიჭრა საზღვაო ძალების 35-მდე წარმომადგენელი.