შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ორგანიზებით ჩატარებული მედია-სემინარის ყველა მონაწილეს სერტიფიკატები გადაეცა. მედია-სემინარი ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მიზნად ისახავდა საპატრულო პოლიციის მუშაობის, მეთოდების და განხორციელებული სიახლეების გაცნობას და ამ საკითხებში ჟურნალისტების ცნობიერების ამაღლებას. ამ ტიპის სემინარი საპატრულო პოლიციაში პირველად ჩატარდა.
შსს-ს მიერ ჩაატრებული სემინარი თეორიული და პრაქტიკული ნაწილებისგან შედგებოდა. სწავლების თეორიულ ნაწილზე მედიის წარმომადგენლებს საპატრულო პოლიციის დირექტორის მოადგილე ლევან მაჭავარიანმა დეპარტამენტის მუშაობის სტილი, სტრუქტურა და მეთოდები გააცნო. სემინარზე ასევე ისაუბრეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე საპატრულო პოლიციის საქმიანობაში განხორციელებულ და დაგეგმილ სიახლეებზე. მედიის წარმომადგენლებს თეორიულ ნაწილში ასევე გააცნეს ყველა ის სიახლე, რაც ბოლო პერიოდში საპატრულო პოლიციაში განხორციელდა. სემინარზე დაისვა ბევრი საინტერესო კითხვა, რაზეც ლევან მაჭავარიანმა ამომწურავი პასუხები გასცა.
მედია-სემინარის ფარგლებში, ჟურნალისტებმა დაათვალიერეს პატრულ-ინსპექტორის აღჭურვილობა, შეიარაღება და ავტომანქანები. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მედიის წარმომადგენლებს დეტალურად აუხსნეს და ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს ახალი ტექნიკური საშუალებების შესახებ.