შსს-ს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი თეიმურაზ კალანდაძე და საპატრულო პოლიციის სამცხე-ჯავახეთის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე კობა კობახიძე თელავში ჩატარებულ ძალისმიერ სამჭიდსა და წოლჭიმში გიორგი რეხვიაშვილის სახელობის საქართველოს თასის მეექვსე გათამაშებაში პირველ ადგილზე გავიდნენ და ოქროს მედლები მოიპოვეს.
თეიმურაზ კალანდაძემ წოლჭიმში, ღია ასაკობრივ დივიზიონში 150 კილოგრამიანი შტანგა ასწია და პირველი ადგილი აიღო. მან ასევე წოლჭიმში, აწევათა გამეორებაში პირველი ადგილი დაიკავა, საკუთარი წონის შტანგა 40-ჯერ ასწია და სულ ორი ოქროს მედალი მოიპოვა. იგივე კატეგორიაში, ვეტერანების დივიზიონში, ასევე პირველი ადგილი დაიკავა კობა კობახიძემ და ოქროს მედალი აიღო. მან 130 კილოგრამიანი შტანგის აწევა შეძლო.
გიორგი რეხვიაშვილის სახელობის ტურნირი თელავში ყოველწლიურად იმართება და მასში მონაწილეობას პროფესიონალი სპორტსმენები იღებენ. ქვეყნის მასშტაბით გამართულ ჩემპიონატს წელს პირველად ახალციხეც შეუერთდა.