ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების რიგით 45-ე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ოკუპაციის ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ აღმართული მავთულხლართებისა და ღობეების მონტაჟი გააპროტესტა, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას მნიშვნელოვნად ზღუდავს მათ მიერ საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო სავარგულების წვდომასა და დამუშავებაში.
შეხვედრაზე საუბარი ასევე, ოკუპირებული ცხინვალის ციხეში უკანონო პატიმრობაში მყოფ რომან შიტიკოვის საკითხს შეეხო, რომლის დაკავებისა და შესაბამისად ციხეში ყოფნის ფაქტს, როგორც ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო ხელისუფლების, ასევე რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები დღემდე არ ადასტურებენ. ქართულმა მხარემ ასევე განიხილა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული გრიშა ნალბანდოვის საკითხი.
შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო გორის რაიონის სოფელ კოშკაში არსებული სასმელი წყლის საკითხს, რაც ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის წარმომადგენლების განმარტებით ჯერ კიდევ მოითხოვს მათი მხრიდან შესწავლას.
ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრა 1 ივლისს გაიმართება.