შსს-ს ორგანიზებით გორის რაიონის სოფელ ხურვალეთს ლიტვის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ ლინას ლინკევიჩიუსი და ლიტვის დელეგაციის სხვა წევრები ეწვივნენ. დელეგაციას შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა და დეპარტამენტის წარმომადგენლებმა უმასპინძლეს.
საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძვანელმა შალვა ენუქიძემ სტუმრებს ცენტრალური ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება, საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში არსებული მდგომარეობა, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დამონტაჟებული მავთულხლართების და ღობეების შედეგად გამოწვეული პრობლემები გააცნო.
ვიზიტისას მაღალი რანგის სტუმრებს ასევე მიეცათ საშუალება გასაუბრებოდნენ სოფელ ხურვალეთის მაცხოვრებლებს და მოესმინათ იმ პრობლემების შესახებ, რომელიც უკანონოდ დამონტაჟებულმა ხელოვნურმა ბარიერებმა ამ მოსახლეობას შეუქმნა.