20-22 ოქტომბერს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლებმა სასტუმროში „Rooms Hotel” გამართულ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული PPRD აღმოსავლეთ 2 პროგრამის ეროვნულ საკონსულტაციო ჯგუფის მეორე შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა.
შეხვედრას შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორის მოადგილე ლევან ბუიღლიშვილი დაესწრო, რომელმაც ევროკავშირსა და მის ყველა ინსტიტუტს მადლობა გადაუხადა დახმარებისთვის და სრული მზადყოფნა გამოთქვა თანამშრომლობის გაღრმავებისთვის.
PPRD აღმოსავლეთ 2 პროგრამის საკონსულტაციო ჯგუფის მეორე შეხვედრის მიზანია, PPRD აღმოსავლეთ 2-ის პროგრამის ძირითადი აქტივობების მიმდინარეობისა და 2015 წლის მიღწევების მოკლე მიმოხილვა, ასევე, პროგრამის პირველი ფაზის ფარგლებში შემუშავებული რეკომენდაციების გათვალსწინებაში მიღწეული პროგრესის წარმოჩენა.
შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა შემდეგი საკითხები განიხილეს: განახლებული ქვეყნის პროფილის მოკლე მიმოხილვა, ეროვნული პრიორიტეტების განხილვა, წყალდიდობების მართვა და ევროკავშირის წყალდიდობების დირექტივებთან დაახლოება, კატასტროფებით გამოწვეული ზარალის მონაცემების შეგროვება და დამუშავება, მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერა, სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში მოხალისეებისადმი ევროკავშირის მიდგომა, კატასტროფების შესახებ ინფორმირებულობის გაზრდა, ელექტრონული რუკები და სხვა. პროგრამით გათვალისწინებული აქტივობების შესრულება გააუმჯობესებს საგანგებო სიტუაციების მართვის მთლიან ციკლს და სააგენტოს დაეხმარება სტრატეგიული მიზნების მიღწევაში.
აღნიშნულ შეხვედრაში სხვადასხვა სამინისტროების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.