შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თბილისის მთავარ სამმართველოში საგანგებო სიტუაციების მართვის ეროვნული საინფორმაციო სისტემის (NEMIS) დანერგვასთან დაკავშირებით პრეზენტაცია გაიმართა.
გაეროს განვითარების პროგრამასთან და გაეროს სხვა სააგენტოებთან ნაყოფიერი თანმშრომლობის შედეგად განხორციელდა საქართველოში კატასტროფების რისკების შემცირების პოტენციალის შეფასება და ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავება. ჩარჩო-პროექტის „საქართველოში კატასტროფების რისკების შემცირების შესაძლებლობების განვითარება“ ფარგლებში მოხდა უმნიშვნელოვანესი პროექტის - საგანგებო სიტუაციების მართვის ეროვნული საინფორმაციო სისტემის (NEMIS) ინიცირება მოხდა. აღნიშნული საინფორმაციო სისტემა ეროვნულ დონეზე გაზრდის კატასტროფების რისკების შემცირების შესაძლებლობას, რაც ხელს შეუწყობს საგანგებო სიტუაციების მართვის სისტემის გაძლიერებას. ახალი სისტემა საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დაეხმარება მონაცემების ოპერატიულად შეგროვება-დამუშავებასა და გავრცელებაში. ინოვაციური პროექტის განხორციელებისას, მნიშვნელოვანი როლი ენიჭება თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებას, მათ შორის, ონლაინ და მობილური აპლიკაციების, განვითარებული ქვეყნების პრაქტიკის გაზიარებასა და არსებული სისტემის ოპტიმიზაციას.
NEMIS-ის პროექტის ძირითადი მიმართულებებია: სპეციალისტების მომზადება-გადამზდება, მათი აღჭურვილობის ტექნიკურად გამართვა და ქვეყნის მასშტაბით მოხალისე-მაშველეთა კლუბის ჩამოყალიბება.
ღონისძიება შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორმა - ზვიად ქაწაშვილმა გახსნა. გაეროს განვითარების პროექტის წარმომადგენელმა - ნინო ანთაძემ და კატასტროფების რისკების შემცირების ცენტრის წარმომადგენლებმა - ვანო გრიგოლაშვილმა და პეტრი ოლაფ ნევალაინენმა პრეზენტაციის ძირითად მიზნებსა და მიმართულებებზე ისაუბრეს.
ზვიად ქაწაშვილმა პრეზენტაციის დასრულების შემდეგ სტუმრებს ქალაქ თბილისის, მთავარი სამმართველოს მუზეუმი დაათვალიერებინა და პროექტის წარმატებით განხორციელებისათვის პარტნიორებს სრული მხარდაჭერა აღუთქვა.