შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს 45 მაშველი ლომისობის დღესასწაულთან დაკავშირებით, პრევენციის მიზნით, სოფელ მლეთაში დილის ექვსი საათიდან იყო მობილიზებული. დუშეთის რაიონის სოფელ მლეთაში, ლომისობის დღესასწაულის აღსანიშნავად საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული რამდენიმე მომლოცველი უამინდობის და რთული რელიეფის გამო მთიდან ჩამოსვლისას დაშავდა.
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა ცუდი ხილვადობის გამო ნისლში დაკარგული ხუთი მცირეწლოვანი ბავშვი იპოვეს და მშობლებს უვნებელი დაუბრუნეს. სამაშველო ოპერაციის შედეგად მთიდან ჩამოყვანილ იქნა 20-მდე დაზარალებული, მათ შორის, 18 მამაკაცი და 2 ქალბატონი, რომელთაც სხვადასხვა სახის დაზიანება აღენიშნებოდათ. მომლოცველებმა ტრავმები, უმეტეს შემთხვევაში, სველ ბალახზე ფეხის დაცურების შედეგად მიიღეს. დაშავებულები საავადმყოფოში იქნენ გადაყვანილები. მათი მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია.
მაშველები სოფელ მლეთაში გვიან ღამემდე დარჩებიან და საჭიროების შემთხვევაში, მოქალაქეებს საჭირო დახმარებას აღმოუჩენენ.