შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორმა - ზვიად ქაწაშვილმა 11-13 მაისს ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში სამოქალაქო თავდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICDO) აღმასრულებელი საბჭოს 49-ე და გენერალური ასამბლეის 22-ე სესიებში მიიღო მონაწილეობა.
აღმასრულებელი საბჭოს 49-ე სესია თავმჯდომარემ გენერალმა მოეზ დაკრუიმ გახსნა, ხოლო თავმჯდომარის მოადგილეს წარმოადგენდა ყირგიზეთის საგანგებო სიტუაციების მინისტრი გენერალ მაიორი კუბატბეკ ბორონოვი.
სესიაზე აღმასრულებელ საბჭოს წარედგინა ICDO-ს გენერალური მდივნის ანგარიში 2015 წელს სამოქალაქო თავდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ ჩატარებული მუშაოების შესახებ, ასევე, განიხილეს 2018 წელს სამოქალაქო თავდაცვის მსოფილიო დღის ჩატარებასთან დაკავშირებით ფინანსური და ადმინისტრაციული საკითხები. აღსანიშნავია, რომ 2017 წლის სამოქალაქო თავდაცვის მსოფლიო დღის თემაა: „სამოქალაქო თავდაცვასთან ერთად კატასტროფების წინააღმდეგ“. ღონისძიებაზე ასევე, განიხილეს ორგანიზაციის ფინანსური და ადმინისტრაციული საკითხები.
ICDO-ს აღმასრულებელი საბჭოს 49-ე და გენერალური ასამბლეის 22-ე სესიებში სულ 45 ქვეყნის დელეგაცია მონაწილეობდა. ღონისძიებას, ასევე, ესწრებოდნენ ICDO-ს გენერალური მდივანი ვლადიმირ კუვშინოვი, სხვადასხვა ქვეყნის საგანგებო სიტუაციების მინისტრები და მთავრობის წარმომადგენლები.
ICDO-ს გენერალური ასამბლეის სესიას წევრი და დამკვირვებელი ქვეყნების გარდა, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. სესიაზე პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი აირჩიეს. დამსწრეებმა მოისმინეს გენერალური მდივნის ანგარიში 2017-2018 წლის პროგრამის შესახებ. სხდომაზე ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ მონაწილეებისთვის ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ალმაზბეკ ატამბაევის მიმართვა წაიკითხა.
სამოქალაქო თავდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის საქმიანობაში საქართველომ, როგორც ICDO-ს აღმასრულებელი საბჭოს წევრმა ქვეყანამ, მეორედ მიიღო მონაწილეობა. ღონისძიებას აღმასრულებელი საბჭოს 22 წევრი ქვეყნის დელეგაცია ესწრებოდა.
ვიზიტის ფარგლებში, ზვიად ქაწაშვილმა სხვადასხვა ქვეყნის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრები გამართა. ასევე, დელეგაციის მეთაურებისთვის ვიზიტის ფარგლებში შედგა შეხვედრა ყირგიზეთის რესპუბლიკის პრემიერ მინისტრთან.
ღონისძიების მიზანია, ICDO-ს წევრი სახელმწიფოების სამოქალაქო უსაფრთხოების/თავდაცვის სტრუქტურების გაუმჯობესების ხელშეწყობა და ICDO-ს წევრებისთვის გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა აღნიშნულ სფეროში.