შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორი, ზვიად ქაწაშვილი ჟენევაში, სამოქალაქო თავდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICDO) აღმასრულებელი საბჭოს 50-ე საიუბილეო სესიას დაესწრო. ღონისძიებაში 24 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა.
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორმა სიტყვით გამოსვლისას სააგენტოში განხორციელებულ რეფორმებზე, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ზვიად ქაწაშვილმა 2014 წლის მარტის თვეში ჩატარებულ სამთო-სამაშველო საერთაშორისო სწავლებაზე გაამახვილა ყურადღება და სესიის მონაწილე ქვეყნების წარმომადგნელებს სასწავლო კურსის საქართველოში განმეორებით ჩატარება შესთავაზა. სააგენტოს დირექტორმა მასპინძელ მხარეს გაწეული დახმარებისთვის და თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი გამოთქვა.
ღონისძიების ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე სამოქალაქო თავდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICDO) წევრი ქვეყნების წარმომადგენლებმა სამოქალაქო თავდაცვის როლზე, კატასტროფების პრევენციისა და მზადყოფნის სასიცოცხლო მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
საქართველო ICDO-ს წევრი 1995 წელს, ხოლო აღმასრულებელი საბჭოს წევრი 2014 წელს გახდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სფეროს განვითარება ჩვენი ქვეყნის მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. სამოქალაქო თავდაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს შესაძლებლობების განვითარების კუთხით მნიშვნელოვან დახმარებას უწევს. ICDO-სთან თანამშრომლობის ფარგლებში, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველები და მმართველი რგოლის წარმომადგენლები კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით სხვადასხვა საერთაშორისო სწავლებასა და ღონისძიებაში ყოველწლიურად მონაწილეობენ და უცხოელ კოლეგებს გამოცდილებას უზიარებენ.