შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორმა ზვიად ქაწაშვილმა და ამავე დეპარტამენტის სამოქალაქო უსაფრთხოების სამმართველოს დაგეგმვისა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა თეიმურაზ მელქაძემ „სუამის“ საგანგებო სიტუაციების სამუშაო ჯგუფის შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა. სამუშაო ჯგუფის მე-15 სხდომა მიმდინარე წლის 25-26 ოქტომბერს ლვოვის სამოქალაქო უსაფრთხოების უნივერსიტეტში გაიმართა.
აღნიშნული ჯგუფის საქმიანობის კოორდინაციას, „სუამის“ სამოქმედო წესდების შესაბამისად, 2015-2016 წლებში საქართველოს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო ახორციელებს.
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორმა ზვიად ქაწაშვილმა, სხდომაზე სააგენტოში განხორციელებულ რეფორმებსა და მიმდინარე და დაგეგმილ ცვლილებებზე ისაუბრა. შეხვედრაზე განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები „სუამის“ წევრი ქვეყნების მიერ სამოქალაქო უსაფთხოების ხაზით გაწეული საქმიანობის შესახებ.
ვიზიტის ფარგლებში, უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ „სუამის“ დელეგაციას უნივერსიტეტის ჩამოყალიბების ისტორია და მიმდინარე საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნო.
საქრთველოს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დელეგაციისთვის მნიშვნელოვანი იყო სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში პროფესიონალური კადრების მომზადების კუთხით უკრაინის მიღწევების გაცნობა.
მხარეებმა ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს და საქართველოში სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში სასწავლო პროცესში ინოვაციების დასანერგად ევროპელ ექსპერტებთან კონკრეტული თანამშრომლობის გზები დასახეს.