შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამა PPRD East 2-ის (პრევენცია, მზადყოფნა და რეაგირება ბუნებრივ და ტექნოგენურ კატასტროფებზე) ფარგლებში, სამაგიდო - სამეთაურო ვარჯიში ჩაატარა. ღონისძიება შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორმა ზვიად ქაწაშვილმა გახსნა.
სწავლების ძირითადი თემა იყო ფართომასშტაბიანი კატასტროფების დროს მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის პროცედურები (HNS) და შესაბამისი უწყებების კოორდინაცია და კომუნიკაცია. აღსანიშნავია, რომ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების დღის წესრიგი მხარეებს ავალდებულებს ხელი შეუწყონ ევროკავშირის სახელმძღვანელო დოკუმენტის მიღებასა და იმპლემენტაციას მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის თაობაზე. ამ მიმართულებით სააგენტომ შეიმუშავა მთავრობის დადგენილების პროექტი „სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის ღონისძიებების შემუშავების წესის დამტკიცების შესახებ“.
სამაგიდო-სამეთაურო ვარჯიში შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სამოქალაქო უსაფრთხოების სამმართველოს მიერ ძლიერი მიწისძვრის თემაზე წინასწარ შემუშავებული სცენარის მიხედვით წარიმართა. ღონისძიებაში სხვადასხვა სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
სწავლების მიზანი იყო მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის პროცედურების განსაზღვრა და შემოწმება, უწყებათშორისი თანამშრომლობის მექანიზმების გაძლიერება და სტანდარტული სამოქმედო პროცედურების შემუშავება, პროგრამა PPRD East 2-ის ექსპერტების გამოცდილებისა და რეკომენდაციების გათვალისწინებით.
ღონისძიების დასასრულს, სამაგიდო ვარჯიშის მონაწილეებს სპეციალური სერტიფიკატები გადაეცათ.