შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ მყისიერი რეაგირება მოახდინა სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც, დღეს შავი ზღვის სანაპირო ზოლზე 4-ბალიანი შტორმია მოსალოდნელი და შესაბამისი ზომები მიიღო. ზღვის სანაპიროზე არსებულ ყველა საგუშაგოზე წითელი ალმებია აღმართული.
წყალზე მაშველები ადგილობრივ მოსახლეობას და ტურისტებს, უბედური შემთხვევების თავიდან აცილების მიზნით, მოსალოდნელი საფრთხის შესახებ რამდენიმე ენაზე აფრთხილებენ. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო მოქალაქეებს თხოვნით მიმართავს: არ შევიდნენ ზღვაში მანამ, სანამ საგუშაგოებზე თეთრი ალმები არ აღიმართება; დაემორჩილონ მაშველთა მითითებებს; ყურადღება მიაქციონ ბავშვებსა და მოზარდებს, ნუ დატოვებენ მათ მეთვალყურეობის გარეშე.
სააგენტოს ინფორმაციით, პანიკის საფუძველი არ არსებობს. საშტორმო მდგომარეობა, სავარაუდოდ, ხვალ, დღის პირველ ნახევარშიც შენარჩუნდება.