შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის სამაშველო ჯგუფმა, სამდღიანი სამძებრო-სამაშველო ღონისძიებების შედეგად, სვანეთში დაკარგული ტურისტების ოთხივე ცხედარს მიაკვლიეს. საფრანგეთიდან და გერმანიიდან ჩამოსული ხუთი ექსტრემალი ტურისტი: ოლივერ კრაპთი, ტერი ვენძელი, სავრე ფელიქს საიანი, ვინზრეიბ გერა და გუილამ დე ფრანცაიზი სოფელ უშგულში, ზაგაროს მთაზე სრიალისას, ჩამოწოლილ ზვავში მოყვნენ.
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის სამაშველო მომზადებისა და რეაგირების სამმართველოს მე-6 ქვეგანყოფილებას (დაბა მესტია) 6 მარტს, გვიან საღამოს, დახმარებისთვის მიმართა გიულამ დე ფრანცაიზმა, რომელმაც ზვავიდან თავის დაღწევა შეძლო.
საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის მაშველებმა სამძებრო ღონისძიებები 7 მარტს, დილიდან დაიწყეს. ორი ცხედარი იმავე დღეს მესტიაში ჩამოასვენეს. 8 მარტს, დილიდან განახლებული სამძებრო ღონისძიებების შედეგად, სამთო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებმა კიდევ ორ ცხედარს მიაკვლიეს. ცხედრებს ჩაუტარდებათ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, რის შემდეგაც მათ სამშობლოში გადაასვენებენ.
ჩამოწოლილი ზვავის შედეგად გადარჩენილი გიულამ დე ფრანცაიზის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.