შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის დირექტორი ზვიად ქაწაშვილი და დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ლევან ბუიღლიშვილი საქართველოში გაეროს მუდმივ კოორდინატორს და გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივ წარმომადგენელ ნილს სკოტს და რუმინეთის ელჩის მოადგილე რადუ გორინჩოის შეხვდნენ.შსს-ს წარმომადგენლებმა სტუმრებს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის ფუნქციები, ამოცანები და სამომავლო გეგმები, ასევე, საკანონმდებლო ნორმები გააცნეს, რომლის მიხედვითაც საქართველოში კატასტროფების მართვა ხორციელდება.შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყანაში საგანგებო სიტუაციების მართვის სფეროს გაუმჯობესებისთვის სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. რუმინეთის ელჩის მოადგილემ რუმინეთის მთავრობის სახელით გამოთქვა მზადყოფნა, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ფარგლებში, ტექნიკური დახმარება გაუწიოს საქართველოს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტს და გაფორმდეს მემორანდუმი რუმინეთის საგანგებო სიტუაციების გენერალურ ინსპექტორატსა და საქართველოს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტს შორის ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების მიზნით.