შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დირექტორმა ზურაბ ზუბადალაშვილმა და სარეგისტრაციო და საგამოცდო მომსახურების სამმართველოს უფროსმა იმედა მაკასარაშვილმა ჟურნალისტებს ახალი, 3D ბილეთები წარუდგინეს.
მომსახურების სააგენტოში მართვის მოწმობის მიღების მსურველები თეორიულ გამოცდას მიმდინარე წლის 15 დეკემბრიდან ახალი, 3D ბილეთებით ჩააბარებენ. ახალ ბილეთებში დახვეწილია კითხვის როგორც შინაარსი, ასევე ფორმა და ვიზუალური მხარე. გამოყენებულია სიტუაციის აღმწერი ვიდეორგოლები, რომელთა საშუალებითაც მართვის მოწმობის მსურველს სიტუაციის უკეთესად აღქმისა და გაანალიზების საშუალება ეძლევა. ბილეთებში აღქმის გასაიოლებლად გამოყენებულია საქართველოს ავტომაგისტრალების, თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის ქუჩების ფოტო-ვიდეომასალა. ამასთან, ელექტრონული ტესტირებისას მეტი თვალსაჩინოებისთვის შესაძლებელია საგზაო მოძრაობის კონკრეტული ელემენტის ახლო მანძილიდან ნახვა. თეორიული გამოცდის ახალი ტესტების ელექტრონულ ვერსიაში საგამოცდო ტესტის სწორი და არასწორი პასუხების ნუმერაცია შეიცვლება, რაც საგამოცდო ბილეთების მექანიკურად დამახსოვრებას გამორიცხავს.
ახალი ბილეთებით გამოცდის ჩაბარება ქართულ, ოსურ, აფხაზურ, ინგლისურ, რუსულ, აზერბაიჯანულ, თურქულ და სომხურ ენებზეა შესაძლებელი. დაინტერესებულ პირებს განახლებული ბილეთების ნახვა შსს-ს მომსახურების სააგენტოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე sagency.ge-ზე შეუძლიათ.
საქართველოს აღებული აქვს ვალდებულება კანონმდებლობა ეტაპობრივად დაუახლოვოს ევროკავშირის კანონმდებლობას სხვადასხვა სფეროში. მართვის მოწმობის გაცემისა და გამოცდების ჩაბარების წესში ცვლილებები ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს დირექტივის მიხედვით განხორციელდა. საგზაო მოძრაობის შესახებ უსაფრთხოების კანონი, რომლის მიხედვითაც შექმნილი იყო ძველი საგამოცდო ბილეთები, 2013 წლის დეკემბრიდან ძალადაკარგულად გამოცხადდა. იმავე დღეს ამოქმედდა ახალი კანონი, რის მიხედვითაც ახალი ბილეთები შეიქმნა.