2014 წლის 1 სექტემბრიდან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებისთვის ახალი დიზაინის სახელმწიფო სანომრე ნიშნების გაცემას დაიწყებს.
ახალი დიზაინის სანომრე ნიშნის მსურველ ყველა მოქალაქეს 2014 წლის 14 აგვისტოდან შესაძლებლობა ექნება სასურველი სერია და ციფრები წინასწარ დაჯავშნოს. თავისუფალი სანომრე ნიშნის მოძიება და დაჯავშნა შესაძლებელია ქვეყნის მასშტაბით, მომსახურების სააგენტოს ყველა რეგიონულ განყოფილებაში და სააგენტოს ოფიციალური ვებ-გვერდის (www.sagency.ge) საშუალებით.
მომსახურების სააგენტოს ვებ-გვერდზე დარეგისტრირების შემდეგ (www.sagency.ge), დაინტერესებულ პირებს საშუალება ექნებათ, მოიძიონ სასურველი სანომრე ნიშანი და სურვილის შემთხვევაში წინასწარ დაჯავშნონ. სანომრე ნიშნის ვებ-გვერდის საშუალებით დაჯავშნა შესაძლებელია როგორც საკუთარ, ისე სხვა პირის სახელზე - მისი პირადი მონაცემების მითითებით.
შეგახსენებთ, რომ არსებული დიზაინის სანომრე ნიშნების შეცვლა სავალდებულო არ არის და მათი მოქმედების ვადაა 2020 წლის 1 სექტემბერის ჩათვლით.