შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელმა ორი წლის მუშაობის შემაჯამებელი ანგარიში წარადგინა. ღონისძიებას საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე დაესწრო და პირადად გაეცნო სააგენტოში ბოლო ორი წლის განმავლობაში განხორციელებულ სიახლეებს. ანგარიშის პრეზენტაციაზე მომსახურების სააგენტოში მოწვეულნი იყვნენ მთავრობის წევრები და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიული კორპუსის წარმომადგენლები.
შსს-ს მომსახურების სააგენტოს დირექტორმა ანგარიშის წარდგენისას სააგენტოში განხორციელებული რეფორმებისა და ცვლილებების შესახებ ისაუბრა, ზურაბ ზუბადალაშვილმა მოწვეულ სტუმრებს გააცნო მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდის ახალი 3D ფორმატის ბილეთების, ახალი ფორმისა და დიზაინის სახელმწიფო სანომრე ნიშნების, საინფორმაციო მომსახურების ვადებისა და საფასურების შემცირების და სხვა განხორციელებული რეფორმების შესახებ ინფორმაცია.
პრეზენტაციის შემდეგ, შინაგან საქმეთა მინისტრმა მომსახურების სააგენტოს 10 გამორჩეული თანამშრომელი სამკერდე ნიშნით დააჯილდოვა და სიგელები გადასცა.
ღონისძიებაზე ასევე წარმოდგენილი იყო შსს-ს სპორტულ კლუბ „MIA Force“-ის და მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ახალი ავტომობილები, სახელმწიფო სანომრე ნიშნების საბეჭდი დანადგარი, მართვის მოწმობის თეორიული გამოცდის ახალი 3D ფორმატის ბილეთები, სააგენტოს მიერ განხორციელებული რეფორმების ამსახველი ვიდეორგოლი და საინფორმაციო ბუკლეტი.