საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ევროპის პოლიციის კოლეჯის (CEPOL) გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, მოლდოვის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანური რესურსების მთავარი სამმართველოს წარმომადგენლები ეწვივნენ. ვიზიტის მიზანია სამართალდამცავ უწყებებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება და გამოცდილების გაზიარება.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში საკადრო პოლიტიკის, პროფესიული და უმაღლესი საპოლიციო განათლების, პროექტების კოორდინაციის, საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის და განხორციელებულ რეფორმებთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.
ასევე გაიმართა შეხვედრები შსს-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის, რეფორმებისა და განვითარების სააგენტოს, შსს-ს აკადემიის, შსს-ს მომსახურების სააგენტოს, გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ის და საქართველოს საჯარო სამსახურის ბიუროს წარმომადგენლებთან.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები CEPOL-ის გაცვლით პროგრამაში 2013 წლიდან აქტიურად მონაწილეობენ. პროგრამის ფარგლებში ვიზიტები ხორციელდება პარტნიორი სახელმწიფოების სამართალდამცავ უწყებებში. შეხვედრებზე განიხილება კიბერდანაშაულის, არალეგალური მიგრაციის, ტრეფიკინგის და სამართალდამცველთა სწავლების სისტემების საკითხები.