შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დირექტორი ლევან კახიანი საქართველოში სამდღიანი ოფიციალური ვიზიტით მყოფ ლატვიის რესპუბლიკის დელეგაციას შეხვდა. დელეგაციას ლატვიის იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო მდივანი რაივის კრონბერგსი ხელმძღვანელობს და მის შემადგენლობაში შედიან ლატვიის იუსტიციის მინისტრის მრჩეველი ივო ზუტისი, იუსტიციის მინისტრის ბიუროს უფროსი ანია ფრეიმანი და სასამართლოს ადმინისტრაციის დირექტორი ედვინს ბალშევიჩი.
ლევან კახიანმა სტუმრებს შს სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრი დაათვალიერებინა. დელეგაციის წევრებმა მოინახულეს შენობის ინფრასტრუქტურა, გარე პერიმეტრი, მომსახურე პერსონალს გაესაუბრნენ და მუშაობის სპეციფიკითა და მიგრაციის დეპარტამენტის დებულებით დაინტერესდნენ.
შს სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრი მიმდინარე წლის 8 ოქტომბერს გაიხსნა და გათვლილია საქართველოში უკანონოდ მყოფ 80 პირზე. არსებული ევროპული სტანდარტების გათვალისწინებით, ცენტრი აღჭურვილია უახლესი ტექნიკითა და საჭირო ინვენტარით. დაკავებულთათვის შექმნილია ყველა საჭირო პირობა, ხელმისაწვდომია სამედიცინო და ფსიქოლოგიური დახმარება, ასევე, მათთვის გამოყოფილია სამედიცინო დახმარების ოთახები. ცენტრში განთავსებულია შესაბამისად ადაპტირებული ოთახები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის, ასევე იმ უცხოელებისთვის, რომლებიც მიდრეკილნი არიან თვითდაზიანებისკენ.
დელეგაციის წევრებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიგრაციის სფეროში განხორციელებული რეფორმები დადებითად შეაფასეს და სამომავლოდ თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი გამოთქვეს.