შინაგან საქმეთა მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძის ინიციატივით დაწყებული, ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართული კამპანიის ფარგლებში, ახალქალაქის მე-3 საჯარო სკოლის უფროსკლასელებთან შეხვედრა გაიმართა. შინაგან საქმეთა სამინისტროს და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ სპეციალურად შექმნილი ერთობლივი სამუშაო ჯგუფის წარმომადგენლებმა მოსწავლეებს შინაგან საქმეთა სამინისტროს კამპანიის მიზანი და მნიშვნელობა გააცნეს.
სამუშაო ჯგუფის წევრებმა – შსს-ს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამართველოს ახალციხის რაიონული სამმართველოს ინსპექტორ-გამომძიებელმა ნონა გიქოშვილმა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ფსიქოლოგმა ნინო ნადირაძემ და არასამთავრობო ორგანიზაცია „ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი“-ს წარმომადგენელმა მარეხ კირთაძემ მოსწავლეებს განუმარტეს, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლს კანონი იცავს, მოძალადე კი ისჯება.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს წარმომადგენლები. ისინი მოსწავლეებს ძალადობის შემთხვევების დროს სამართალდამცველების როლის შესახებ ესაუბრნენ და განუმარტეს, რომ ძალადობა დასჯადია, პოლიცია ყოველთვის იცავს ადამიანის უფლებებს და იმისთვის, რომ პოლიციამ შეძლოს ძალადობის მსხვერპლის დახმარება, აუცილებელია მიმართონ სამართალდამცავ უწყებებს.
სამუშაო ჯგუფის წევრებმა მოსწავლეებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით კანონში შესული ცვლილებების შესახებ. 2013 წლიდან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც განხორციელდა ოჯახში ძალადობის კრიმინალიზაცია და ოჯახში ძალადობა 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
სამუშაო ჯგუფის წევრებმა მოსწავლეებს კამპანიის ფარგლებში შექმნილი სოციალური რგოლები უჩვენეს. ვიდეორგოლების მიზანია საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება იმის შესახებ, რომ ოჯახში ძალადობის ფაქტების შემთხვევაში უნდა დარეკონ ცხელ ხაზზე - „112“ ან მიმართონ უბნის ინსპექტორს, მოძალადეებმა კი მიიღონ გაფრთხილება, რომ ოჯახში ძალადობა თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
შეხვედრის ბოლოს დისკუსია გაიმართა. სამუშაო ჯგუფის წევრებმა და შსს-ს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს წარმომადგენლებმა მოსწავლეების მიერ დასმულ შეკითხვებს ამომწურავი პასუხები გასცეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სხვა სახელმწიფო უწყებებთან ერთად, აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით, ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სოციალური კამპანია „არა ძალადობას!“ 25 ნოემბერს დაიწყო. სოციალური კამპანიის მიზანი საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა ოჯახში ძალადობის შესახებ და ამ პრობლემის დასაძლევად საზოგადოების ჩართულობის აუცილებლობის ხაზგასმა. კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი სხვადასხვა ღონისძიების საშუალებით მოხდება საზოგადოების ინფორმირება იმის შესახებ, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლს კანონი იცავს, ხოლო მოძალადეები კანონით ისჯებიან. საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრები თბილისსა და საქართველოს რეგიონებში, სხვადასხვა საშუალო სკოლასა და უმაღლეს სასწავლებლებში ყოველდღიურად იმართება.