შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ავსტრიის რესპუბლიკის დაბა გიოცენდორფში, "BH"-ის ყაზარმაში, ავსტრიელი სპეციალისტების ხელმძღვანელობით, ორკვირიანი სასწავლო კურსი გაიარეს.
ტრენინგის მთავარი მიზანი იყო საერთაშორისო საპოლიციო მისიებში (UN/EU/OSCE) მონაწილეობასთან დაკავშირებული საკითხების თეორიული და პრაქტიკული მიმოხილვა. სწავლების მონაწილეები საპოლიციო სამშვიდობო მისიის მნიშვნელობასა და მიზნებს, ადამიანის ძირითად უფლებებს და აღნიშნულ მისიებში მონაწილეობასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ჩარჩოს გაეცნენ.
კურსის ფარგლებში დაგეგმილი პრაქტიკული და სიმულაციური სავარჯიშოები მიზნად ისახავდა მონაწილეთა ფიზიკური მომზადების დონის ამაღლებას, ასევე, რეალურ სამშვიდობო მისიებში არსებულ გამოწვევებთან გამკლავების მეთოდებისა და მიდგომების შემუშავებას.
განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები სისტემატურად მონაწილეობენ მაღალი დონის საერთაშორისო სასწავლო კურსებში, რაც მათი პროფესიონალიზმის ამაღლებას და პარტნიორი ქვეყნების საუკეთესო გამოცდილების გაზიარებას უწყობს ხელს.