შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის საბრძოლო მომზადებისა და გადამზადების სამმართველოში, ამავე დეპარტამენტის საბრძოლო ქვედანაყოფებს შორის სამდღიანი შეჯიბრი გაიმართა.
ღონისძიების მონაწილეები ერთმანეთს დაბრკოლების ბილიკის გავლაში, სასროლ სახლში მოქმედებაში, სატრანსპორტო საშუალებებზე იერიშში, ნავიგაციის გამოყენებით გადაადგილებასა და პირველადი დახმარების აღმოჩენაში, საცეცხლე მოქმედებაში, ასევე, სამთო ასვლასა და თოკით სწრაფ დაშვებაში შეეჯიბრნენ.
ჯგუფურ და ინდივიდუალურ შეჯიბრებებში გამარჯვებულები განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორმა, მინდია ლორთქიფანიძემ დააჯილდოვა. პირველი ადგილი განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის სამხარეო განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველომ დაიკავა. მეორე-მესამე ადგილები კი ქალაქ თბილისის განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველომ და ქვემო ქართლის სამხარეო განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველომ გაინაწილეს.
მსგავსი სახის ღონისძიებები განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მებრძოლების ფიზიკური და საბრძოლო უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას და მომავალში ფართომასშტაბიანი უწყებათშორისი შეჯიბრებების ჩატარებას შეუწყობს ხელს.